საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

რუსული სამხედრო ჯგუფი "დათვები" ბურკინა-ფასოდან ანექსირებულ ყირიმში დაბრუნდა

ბურკინა-ფასოში განთავსებული რუსული სამხედრო ჯგუფი დათვები აფრიკული ქვეყნიდან ანექსირებულ ყირიმში დაბრუნდნენ.

29 აგვისტოს ჯგუფის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ეწერა: "ჩვენ სახლში ვართ... ასეთია გზა". 

"ასეთია გზა" ალუზიაა ვარსკვლავური ომების სერიალი "მანდალორელიდან". როგორც გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რუსული ჯგუფის მეთაური ამ ფიქციური სამყაროს მოყვარულია. ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ ფოტოებში ის ატარებს ჩაფხუტს, რომელიც "მანდალორელის" მთავარი პერსონაჟის მსგავსად არის გაფორმებული. ზოგიერთ ფოტოში კი ჯგუფის წევრების დროშას აწერია: "BEAR JEDI CORPS". ჯედაები "ვარსკვლავური ომების" სამყაროში არსებული მებრძოლთა ორდენია.

27 აგვისტოს ჯგუფის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომელშიც ნათქვამი იყო: "ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრიგადა ყირიმში ბრუნდება".

30 აგვისტოს კი გამოაქვეყნეს ფოტო, რომელშიც ჯგუფის მეთაური ბურკინა-ფასოს ხუნტის მეთაურს ხელს ართმევდა. აღწერაში ირწმუნებოდნენ, რომ ბრიგადამ "ყველა დასახული დავალება შეასრულა და მთელი შემადგენლობით სამშობლოში დაბრუნდა". გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ბრიგადას აფრიკულ ქვეყანაში დანაკარგები არ ჰქონია.

"ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, ძმებო, როცა მტერს ჩვენი მიწებიდან გავყრით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრულამდე მივალთ..." - წერია რუსული ჯგუფის განცხადებაში.

ფრანგული გამოცემა Le Monde წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა ჯგუფმა ბურკინა-ფასო, შესაძლოა, რეალურად ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დატოვა. მედიასთან ამ ცნობას ჯგუფის მეთაური ვიქტორ ერმოლაევი უარყოფდა. რუსული ჯგუფის მებრძოლების, ცნობების მიხედვით, აფრიკულ ქვეყანაში 2 500-დან 4 000 დოლარამდე ანაზღაურებას გამოიმუშავებდნენ.

აქამდე, აგვისტოს პირველ ნახევარში დათვების ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ცნობა, რომ ჯგუფი რუსეთში დაბრუნებას აპირებდა.

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ივნისში წერდა, როგორ ამტკიცებდა კრემლი აფრიკაში კონტროლს კსკ ვაგნერის ძალებზე. მასალაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შექმნა აფრიკული კორპუსი, რომელშიც დიდწილად ყოფილი ვაგნერელები შედიან, თუმცა მასში სხვა ჯგუფებიც წევრიანდებიან. მათ შორისაა სპეციალური დანიშნულების 81-ე ბრიგადა დათვები. როგორც მედია წერდა, ეს ჯგუფი ბურკინა-ფასოში იყო განთავსებული. ეს ინფორმაცია დათვების ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ფოტოებითა და ცნობებითაც დასტურდებოდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აფრიკის კორპუსი აბარია რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოს, ГРУ-ს. 

დათვების ჯგუფი 2023 წელს რუსეთის არმიის სპეცრაზმის ვეტერანების მიერ ანექსირებულ ყირიმში შეიქმნა. როგორც რადიო თავისუფლების პროექტი Крым.Реалии წერდა, ეს ჯგუფი კსკ რედუტის შემადგენლობაში შედიოდა. ამ კომპანიას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს. თავად დათვებში რუსეთის თავდაცვის უწყებასთან კავშირს უარყოფდნენ. თუმცა, კავშირის დამადასტურებელი სამხილები არსებობს. მაგალითად, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი პერევალნოიეში ჯგუფის ბაზას ეწვია. ევკუროვი, ცნობების მიხედვით, რუსული ძალების აფრიკაში აქტიურობას პირადად ხელმძღვანელობს მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინისა და მისი კსკ ვაგნერი ამბოხება წარუმატებლად დასრულდა. ამას გარდა, ულტრანაციონალისტური რუსული მედია "ცარგრადი" წერდა, რო. ჯგუფს შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამარაგებდა.

 

კომენტარები