საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

ვრცელდება უკრაინელი სამხედროებისადმი ჩადენილი მორიგი სავარაუდო ომის დანაშაულების კადრები

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება კადრები, რომლებიც შესაძლოა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ჩადენილ მორიგ ომის დანაშაულებს ასახავდეს.

ვიდეობში, რომელთა ავთენტურობა ჯერჯერობით დაუდასტურებელია, რუსი სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალების დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებს შეურაცხყოფენ. კადრები გავრცელდა ომის მხარდამჭერ პატარა ტელეგრამ არხებზე, რომლებსაც მცირე რაოდენობის გამომწერები ჰყავთ და ძირითადად გრაფიკული შიგთავსის ვიდეოებსა და ფოტოებს აქვეყნებენ.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს სამხედრო, რომელიც ჯარისკაცის ცხედარს ცულით თავს კვეთს და ამბობს, რომ თავად რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადიდანაა. გასული წლის ბოლოს ვლადიმირ პუტინის ზურგს უკან, მისი ყოველწლიური კითხვა-პასუხის ღონისძიების დროს, სწორედ ამ ბრიგადის დროშა გაშალეს. ზოგიერთი Z-ბლოგერი ირწმუნება, რომ გავრცელებული ვიდეოები გაყალბებულია.

ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს სარებზე წამოცმული ორი თავი, მათ გვერდით სავარაუდოდ რუსი სამხედროები დგანან. მეორე ვიდეოში იმავე ორი თავის გვერდზე სარებზე წამოცმული კიდევ ორი თავია აღმართული და მათ გვერდზე სხვა სამხედროები დგანან. კადრებში გამოჩენილი სავარაუდოდ რუსი ჯარისკაცების საუბრის მიხედვით, შესაძლოა ითქვას, რომ ვიდეოები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქშია ჩაწერილი. 

მესამე ვიდეოში სამხედრო, რომელსაც ცული უჭირავს, თავს კვეთს დაღუპულ ჯარისკაცს და ამბობს: "ჩვენ საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადა ვართ, პირველი ასეული... ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა, თითოეულს ასე დაემართება".

ვიდეოებთან დაკავშირებით უკრაინის სახალხო დამცველს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადას გასული წლის აგვისტოში უკვე ბრალად სდებდნენ, რომ უკრაინელი სამხედროს მოკვეთილი თავი სარზე წამოაცვეს. მაშინ რუსეთის მხარეს მებრძოლი ნეონაცისტური რუსიჩის ჯგუფის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენები იყო უკრაინელი სამხედროს სარზე წამოცმული თავი. ღია წყაროების შემსწავლელმა პროექტებმა დაადგინეს, რომ ვიდეო ბელგოროდის ოლქში იყო გადაღებული. უკრაინის ხელისუფლებამ მომხდარში 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა დაადანაშაულა. ამავე დანაყოფმა დანაშაულები ქალაქ ბუჩაშიც ჩაიდინა.

155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის დროშა პუტინის ზურგს უკან 19 დეკემბერს, "წლის შედეგების" პროგრამის ფარგლებში გაშალეს. რუსეთის პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ ამ ქვედანაყოფის მებრძოლებმა მას საბრძოლო დროშის ასლი გაუგზავნეს. მან პროგრამის მონაწილეებს სთხოვა, რომ ალამი მის ზურგს უკან გაეშალათ. ამ დროშის ფონზე პუტინმა უპასუხა შეკითხვას, მოახლოვდა თუ არა გამარჯვება. მან კონკრეტული პასუხის გაცემას თავი აარიდა.

რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების კადრები, რომლებშიც უკრაინელ ჯარისკაცებს ანაწევრებენ, აწამებენ, ამცირებენ ან ტყვედ აყვანილებს ხოცავენ.

კომენტარები