რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე "სანიტარული ზონის" შექმნას ისევ არ გამორიცხავს

ვლადიმირ პუტინი ღონისძიება "პირდაპირ ხაზზე", 2023 წლის 14 დეკემბერი.
Сергей Бобылёв/ТАСС

ბელგოროდის ოლქის საზღვარზე მიმდინარე შეტაკებებისა და რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრზე იერიშების მიტანების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ საუბრობს უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. "სანიტარული ზონის" შექმნაზე.

"არ გამოვრიცხავ, რომ, დღეს მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გათვალისწინებით, რაღაც მომენტში იძულებული გავხდეთ, მაშინ, როცა ჩავთვლით, რომ მიზანშეწონილია, შევქმნათ გარკვეული სანიტარული ზონა კიევის რეჟიმზე დღესდღეობით დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე." – თქვა პუტინმა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერეციაზე.

პუტინის თქმით, თუ მსგავსი ზონა შეიქმნება, ის უნდა იყოს სათანადოდ გამაგრებული და დაცული "უცხოური წარმოების" შეიარაღებისგან.

ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე "სანიტარული ზონის" შექმნის შესაძლებლობა გასული წლის ივნისშიც ახსენა. ამ პერიოდშიც რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) და ლეგიონი რუსეთის თავისუფლება (ЛСР) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში იყვნენ გადასულები და საბრძოლო მოქმედებებს ატარებდნენ.


12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამრუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.

შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.

პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობის დროსაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.

კომენტარები