საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოლქში

უკრაინის გენშტაბი: კურსკის ოპერაციის ფარგლებში რუსებმა 5 თვეში 15 000 სამხედრო დაკარგეს

რუსული სამხედრო ტექნიკა კურსკის ოლქში, 2024 წლის აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ხუთთვიანი ოპერაციის განმავლობაში რუსეთმა კურსკის ოლქში 38 000 სამხედროზე მეტი დაკარგა, აქედან დაახლოებით 15 000 მოკლულია, დანარჩენები კი დაჭრილები.

ამას გარდა, უკრაინის გენშტაბის ცნობით, კურსკის ოლქში გაანადგურეს 104 ტანკი, 575 ჯავშანტრანსპორტიორი, 1 104 ავტომობილი, 330 საარტილერიო სისტემა, 12 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 12 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება, 1 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 859 უპილოტო საფრენი აპარატი და 32 სპეციალური დანიშნულების ტექნიკა.

უკრაინის გენშტაბში ასევე ამბობენ, რომ ოპერაციის ფარგლებში ტყვედ აიყვანეს 860 რუსი სამხედრო.

უკრაინის გენშტაბში აღნიშნეს, რომ კურსკის ოპერაციის მიზანი სუმის ოლქზე რუსეთის ჯარების იერიშის ჩაშლა და "ბუფერული ზონის" შექმნა იყო.

ხაზი გაუსვეს ჩრდილოეთ კორეიდან კურსკის ოლქში ჯარისკაცების გაგზავნასაც. გენშტაბის ცნობით, 12 000-მდე ჩრდილოკორეელი სამხედროდან 4 000 "ლიკვიდირებულია", ქვედანაყოფების ნაწილმა კი "ბრძოლისუნარიანობა დაკარგა".

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები 2024 წლის აგვისტოში დაიწყო.

კომენტარები