16 სექტემბრის ღამეს რუსი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი მორიგი ომის დანაშაულის ფოტოები გავრცელდა.
ფოტოებში ჩანს უკრაინელი სამხედრო, რომელსაც გულ-მკერდის არეში ჩარჭობილი აქვს დეკორაციული ხმალი, რომელსაც აწერია - "За Курск", ანუ "კურსკისთვის". ერთ-ერთ ფოტოში ასევე ჩანს, რომ მოკლულ სამხედროს შესაძლოა ფეხებზე ლითონის მავთული აქვს გამობმული. ასევე ერთ-ერთ ფოტოში ჩანს ხელის მტევანზე გამობმული წებოვანი ლენტი, რომლითაც, როგორც წესი, ტყვეებს აბამენ. მოკლულს ხმლით მიყენებული ზიანის გარდა სურათებში სხვა სასიკვდილო ჭრილობა არ ეტყობა. ფონზე ჩანს განადგურებული ჯავშანტრანსპორტიორი და კიდევ ერთი ცხედარი.
ფოტო რუსეთის მხარეს მებრძოლ ნეონაცისტურ ჯგუფ რუსიჩთან და კსკ ვაგნერთან დაკავშირებულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. რუსიჩის ტელეგრამ-არხზე ნათქვამი იყო: "გამომწერმა ექსკლუზივი გამოგვიგზავნა". ამავე სცენის ამსახველი კიდევ ორი ფოტო გამოქვეყნდა აფრიკაში მებრძოლი ვაგნერელების არხზეც - Мёртвые внутри-ზე.
ჯერჯერობით უცნობია ფოტოების გადაღების ადგილი და დრო. შესაძლოა, კადრები კურსკის ოლქშია გადაღებული.
შემთხვევას უკრაინის ომბუდსმენი ჯერ არ გამოხმაურებია.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კურსკის ოპერაციის პარალელურად სავარაუდო ომის დანაშაულის კადრები გავრცელდა. აგვისტოს შუა რიცხვებში რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ვიდეოში უკრაინელი სამხედროს სარზე წამოცმული თავი ჩანდა. სხვა დანაშაულების ამსახველი სცენები გასულ წლებშიც გავრცელდა.