რუსული რეჟიმი

აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული 2 მოქალაქე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული 2 მოქალაქე, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუდაძემ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ინფორმაცია ტაბულას საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

14 მაისის აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ომარ ოკრიბელაშვილი და 2001 წელს დაბადებული საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მუხლი 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

29 მაისს გავრცელდა ინფორმაცია დაკავებულების მიმართ ციხეში არასათანადო მოპყრობის შესახებ. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა მათგანმა საპარსის გადაყლაპვაც სცადა, თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრა. დღის განმავლობაში N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებულები მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც.

კომენტარები