რუსული რეჟიმი

სცადა საპარსის გადაყლაპვა – ომბუდსმენის განცხადება ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულებზე

BeFunky

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა N8 დაწესებულებაში მოინახულეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული 2 მოქალაქე, რომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს საჯაროდ გავრცელდა.

"ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატმა დააზუსტა ინფორმაციის დეტალები. აღნიშნულის შემდგომ კი, სახალხო დამცველის რწმუნებულები დაუყოვნებლივ შეხვდნენ დასახელებულ ორ პირს, მათი უფლებრივი მდგომარეობისა და პირობების დადგენის მიზნით.

ერთ-ერთმა მიუთითა, რომ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ შესახლებული იყო საკანში, სადაც მის გარდა იმყოფებოდა ოთხი პატიმარი, რომლებთანაც შეუთავსებლობა ჰქონდა პოლიტიკური შეხედულებების გამო და ხშირად კამათობდნენ. სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. 28 მაისს დაწესებულების თანამშრომელს სთხოვა საკნის შეცვლა, რაც დაკმაყოფილდა და იმავე დღეს შეასახლეს სხვა საკანში, სადაც თავს გრძნობს კარგად და უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე სახალხო დამცველის მიმართ მოთხოვნა არ გააჩნია.

მეორე დაკავებულმა კი განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა, თუმცა საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია. მისი თქმით, აღელვების ნიადაგზე სცადა საპარსის გადაყლაპვა, რაც შემდეგ გადაიფიქრა. განმარტა, რომ ჰქონდა კონსულტაცია ფსიქოლოგთანაც და დადებითად შეაფასა კონსულტაცია. ამის გამო კვლავ სურს განმეორებითი კონსულტაცია, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

ვიზიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა უკვე შეატყობინა დაკავებულების ადვოკატს". - წერს სახალხო დამცველი.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე თავდაპირველად ინფორმაცია ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. მისი თქმით, ის საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა.

"გახსოვთ ალბათ ორი ბიჭის შესახებ ვწერდი. აქციების დროს დააკავეს, სახელმწიფოსთვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანის გამო, 6 წლიანი მუხლით წაუყენეს ბრალი.

სახელებს და გვარებს არ ვწერ.

ერთი 19 წლისაა, მეორე 21.

ორივე ბიჭი შეასახლეს პოლიტიკურად მტრულ გარემოში. ერთმა ბრიტვის გადაყლაპვა სცადა. ფიზიკურად სცემენ საკანში, აფურთხებენ, საჭმელს არ აჭმევენ. ციხის ადმინისტრაცია ფაქტებზე არ რეაგირებს.

Levan Ioseliani გირეკავთ, არ მპასუხობთ და იქნებ შეასრულოთ თქვენი საქმე და დაიცვათ ეს ბიჭები ჯოჯოხეთისგან. ადვოკატები მზად არიან დეტალურად მოგიყვნენ მომხდარის შესახებ! გადაიყვანეთ ორივე სამარტოო საკანში". - წერდა ჟორჟოლიანი.

მოგვიანებით ტელეწამყვანმა პოსტი განაახლა და დაწერა, რომ ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ რეაგირებას მოახდენდნენ.

პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრეს თავად დაკავებულების ოჯახის წევრებმაც.

"თვე-ნახევარი შეუფარდეს პატიმრობა. არის გლდანის ციხეში. გაუსაძლისი მდგომარეობა არის. გუშინ ადვოკატმა მოგვწერა გარკვევით, რომ არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ვერ საუბრობს. ზის 60 წლის პატიმრებთან, რომლებიც არიან ნარკომანები. ბავშვი არის გაოგნებული, რადიკალურად არის სტრესში, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მიშველეთ, ხალხნო. დაგვეხმარეთ. ვის მივმართო... გაუსაძლისი პირობებია. გემუდარებით. 2 ივლისამდე ეს ბავშვები ვერ გასტანენ ვერანაირად...

გემუდარებით, გთხოვთ, გამოიჩინეთ ცოტა სიკეთე ხალხის და ბავშვების მიმართ. რისთვის? 400 ლარის ჯებირის გულისთვის? რატომ? თანახმა ვარ, გჭირდებათ? გავყიდი ყველაფერს, ოღონდ ბავშვი გამოუშვით... რატომ უნდა ჰქონდეს იმის ფიქრი რომ ბავშვმა მოიკლას თავი, რატომ? ის ხომ მხოლოდ 22 წლის არის. რატომ უნდა იფიქროს ჩემმა ძმისშვილმა სიცოცხლე რომ აღარ უნდა 19 წლის ბავშვს, რატომ?" - თქვა ერთ-ერთი დაკავებულის დედამ მთავარ არხთან.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე 2005 და 2001 წელს დაბადებული პირები 16 მაისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მუხლი 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები