საქართველო-ევროკავშირი

ასოცირების საბჭო: მოვუწოდეთ საქართველოს, საარჩევნო რეფორმა რეკომენდაციებს შეუსაბამონ

ცესკო

ასოცირების საბჭომ საქართველოს მოუწოდა საარჩევნო რეფორმა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად დაასრულოს. ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

"ასოცირების საბჭომ აღნიშნა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები და მოუწოდა საქართველოს, მოახლოებული არჩევნების წინ საარჩევნო რეფორმა ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად დაასრულოს და უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევას". - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 20 თებერვალს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული სისტემის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით ირჩევიან, ახლა საჭირო იქნება 90 ხმის მობილიზება, ანუ ხმების 3/5-ის. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ მოგროვდა, გადაწყვეტილების მიღება ისევ 76-ხმიანი სისტემით მოხდება. თუ საკანონმდებლო ორგანოში ვერც 76 ხმაზე შეთანხმდა, მაშინ პარლამენტი კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.

ასევე, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

მიღებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობაც უქმდება, რომელზეც ცესკოს პარტიული წევრებისგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

გუშინვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ. ადმინისტრაციამ დაწერა, რომ მიღებული ცვლილებები წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციებთან.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა 2024 წლის 20 თებერვალს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თავმჯდომარეობით გაიმართა. შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმაც.

კომენტარები