საარჩევნო კოდექსის ცვლილება

უსაფუძვლოა ცესკო-ში გავლენების გაძლიერებაზე აპელირება - კალანდარიშვილი საარჩევნო კოდექსზე

ცესკო

ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარაშვილის თქმით, უსაფუძვლოა იმ მოლოდინების შექმნა, რომ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებებით ცესკო დაქვემდებარებული იქნება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

"ამ განცხადებებში და სხვადასხვა ჩართული მხარის შეფასებებში გარკვეულწილად იკითხება ისეთი შეფასებები, შეიძლება ითქვას - მადისკრედიტირებელი საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, მისი რეპუტაციის, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიძლება განვიხილოთ გარკვეული არასწორი აღქმების და მოლოდინების შექმნის მცდელობად ინსტიტუციასთან მიმართებაში, ვინაიდან, საარჩევნო ადმინისტრაცია და ზოგადად დაკომპლექტების საკითხს ვეხებით, არ წარმოადგენს ერთ პიროვნებას და იგივე თავმჯდომარეს, თუ ნებისმიერ სხვა 16 წევრს კომისიურ გადაწყვეტილებებზე აქვთ იგივე გავლენა, რაც თითო აღებულ წევრს, ანუ 1/17 ხმა. შესაბამისად, იმაზე აპელირება, რომ მმართველი პარტიის ან სხვა რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ იყო ან კიდევ უფრო გაძლიერდება ეს გავლენები საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებაში, არის უსაფუძვლო" - თქვა კალანდარიშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

კალანდარაშვილმა ისაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზეც, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში. მისივე თქმით, ცესკო ყოველთვის მოქმედებდა "გამჭვირვალედ და ღიად, განსაკუთრებით ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში შევცვალეთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ანგარიშვალდებულების საკითხები".

"იგივე პრეზიდენტთან, თუ სხვა ჩართულ მხარეებთან მიმართებაში ვნახეთ ის, რომ შეფასებები არის უსაფუძვლო, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს დღეს რაიმე არგუმენტი, ხელმოსაჭიდი გარემოება, რომელიც მიუთითებს პირადად ჩემი, თუ კომისიის სხვა პროფესიული წევრების მიკერძოებაზე და დამოუკიდებლობის რაიმენაირად შელახვის მცდელობაზე, აქედან გამომდინარე, აპრიორი მომავალში იმ მოლოდინების შექმნა, თითქოს ადმინისტრაცია იქნება დაქვემდებარებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვერტიკალს, ეს, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა". - ამბობს კალანდარიშვილი.

20 თებერვალს, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო. ცვლილება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა კი მის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

კომენტარები