საარჩევნო კოდექსის ცვლილება

პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ

სალომე ზურაბიშვილი იმპიჩემენტის კენჭისყრის დღეს პარლამენტში
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ. ადმინისტრაცია წერს, რომ მიღებული ცვლილებები წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციებთან.

"ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი  გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული.

შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს  ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს  პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში. 

როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი "საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს", ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს!". - წერია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

20 თებერვალს, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო. ცვლილება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა კი მის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

კომენტარები