საქართველოს პარლამენტი

ოდიშარია ბანერზე: არ ვიცი როგორ შეიძლება ქალმა, ქვეცნობიერია თუ ენატრებათ რამე

ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას თქმით, ირაკლი ბერაია და ალუდა ღუდუშაური არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგნენ თანამდებობიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების - თეონა აქუბარდიასა და ანა წითლიძის - მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. 

ოდიშარიას აზრით, ჯერ ის ქალი დეპუტატები უნდა გადადგნენ, რომელთაც თეა წულუკიანის გამოსვლის დროს პარლამენტში ის ბანერი გამოფინეს, რომელსაც "რუსულად ფალოსის წარწერა" ჰქონდა. 

"ადამიანმა სინანული გამოთქვა. მაგალითად თეა წულუკიანთან დაკავშირებით, მე არ ვიცი როგორ შეიძლება ქალმა, რამე ქვეცნობიერია თუ ენატრებათ რამე, აი ის რუსკი კარაბლთან დაკავშირებული ლოზუნგი მე და შალვა პაპუაშვილს გვეკეთა მაშინ, როდესაც ვიყავით ირპენში და ბუჩაში. სამი ქალი რომ გამოიტანს და ქალ მინისტრს, რომ ამას გამოუფენს. თუ იქ რა წერია... (თანამდებობიდან არ უნდა გადადგნენ?) არა, არავითარ შემთხვევაში. აი ის პლაკატი ვინც გამოიტანა, რომელსაც ფალოსის სახელი ეწერა რუსულად, ჯერ ისინი გადადგნენ თანამდებობიდან". - თქვა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან.

31 ოქტომბერს, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს". ამავე დღეს, ასევე ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ენმ-ს დეპუტატს, ანა წითლიძეს "ფარჩაკი, ბანძი ადამიანი" უწოდა.

დეპუტატი თეონა აქუბარდია ითხოვს, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

პარლამენტში დეპუტატების მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი კომენტარები დაგმო სალომე ზურაბიშვილმაც. ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ამბობს, რომ სიტყვები, რაც მოისმინა, მთლიანად შეურაცხყოფს საქართველოს პარლამენტს.

წითლიძისა და აქუბარდიას სიტყვიერ შეურაცხყოფას ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა და Facebook-ზე დაწერა, რომ "მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს".

მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ "გულწრფელად ბოდიში" მოიხადა.

კომენტარები