დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

გაერო: ღაზის სექტორში ერთი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია

გაეროს ინფორმაციით, 15 ოქტომბრის ჩათვლით, ღაზის სექტორში ერთი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია, რაც სრული მოსახლეობის თითქმის ნახევარს წარმოადგენს.

"ერთ მილიონ ადამიანამდე, ღაზის სექტორის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, იძულებით გადაადგილებულია. 600 000-მდე პირი გადაადგილებულია ღაზის შუაში, ხან-იუნისსა და რაფახში, მათ შორის, დაახლოებით 400 000 ადამიანი გაეროს დაწესებულებებშია გადაყვანილი". – წერია გაეროს ანგარიშში.

ორგანიზაციის მიხედვით, პალესტინელი დევნილებისთვის განკუთვნილ ბანაკებში იმაზე მეტი ადამიანის მიღება უწევთ, ვიდრე მათ დასახმარებლად საჭირო ხელმისაწვდომი რესურსებია.

დღეს, 16 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტე ღაზის სექტორთან მაკავშირებელ გამშვებ პუნქტს გახსნის, რაც მშვიდობიან პალესტინელებს ევაკუაციის საშუალებას მისცემს.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები