დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

რუსეთმა ღაზის სექტორში 27 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

რუსეთმა ღაზის სექტორში 27 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, ილია დენისოვმა ისაუბრა. 

დენისოვის თქმით, რუსეთის გამოყოფილი დახმარება ღაზის სექტორს ეგვიპტის გავლით მიეწოდება. 

"მოსკოვის ახლობლად, სპეციალური თვითმფრინავი მოსკოვის მიმდებარე აეროპორტიდან გაფრინდა ელ-არიშისკენ ეგვიპტეში. რუსეთის ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემა ეგვიპტის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციას, რათა მოხდეს მისი ღაზის სექტორში გაგზავნა". – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

დენისოვის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს ხორბალს, შაქარს, ბრინჯსა და პასტას.

გუშინ, 18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თხოვნის ფონზე, ისრაელი ეგვიპტიდან ღაზაში შემავალ ჰუმანიტარულ დახმარებას დაუშვებს. ინფორმაციას ისრაელის პრემიერ მინისტრის კაბინეტი ავრცელებს.

განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ დასაშვებია მხოლოდ სამხრეთ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საკვების,  წყლისა და მედიკამენტების მიწოდება. ასევე აღნიშნავენ, რომ გადატანილი მარაგები ჰამასის ხელში არავითარ შემთხვევაში უნდა აღმოჩნდეს.

ამასთან, ისრაელი არ დაუშვებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საკუთარი ტერიტორიიდან შეტანას, სანამ ჰამასი მძევლებს არ დააბრუნებს. ისრაელი ასევე ითხოვს წითელი ჯვრის შეხვედრებს ისრაელელ მძევლებთან და ამ მოთხოვნისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაზე მუშაობს. 

მანამდე, ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ ღაზასა და დასავლეთ სანაპიროს $100 მილიონის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევდა. მისივე თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ  ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ მისი ჰუმანიტარული დახმარება საკუთარი მიზნებისთვის ვერ გამოიყენოს.

კომენტარები