ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

7 ოქტომბრის დილას ჰამასის მასობრივი ტერორისტული თავდასხმები ისრაელის სახელმწიფოსთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ზუსტად 50 წლის წინ, 1973 წლის 6 ოქტომბერს იომ ქიფურის ომი სწორედ ეგვიპტისა და სირიის ყველასთვის მოულოდნელი იერიშით დაიწყო. მაშინაც და ახლაც გაჩნდა კითხვები ისრაელის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის და შესაძლო მარცხის შესახებ. ბევრისთვის მოსადის მითურ და ყოვლისშემძლე ხატს წყალი შეუდგა და გაჩნდა კითხვები, თუ როგორ გამოეპარა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს დაზვერვის სამსახურს მსგავსი თავდასხმა იომ ქიფურის ომის 50 წლისთავზე. 

სამხრეთ ისრაელის ქალაქების ველური რეიდები ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურების უდიდესი ხარვეზი აღმოჩნდა ბოლო 50 წლის მანძილზე. დაზვერვის შეცდომები შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობამ, არამედ ამ ინფორმაციის წაკითხვის უუნარობამ. 

“ისრაელისთვის კარგად ცნობილი იყო ჰამასისა და მისი მოკავშირე ირანის ისრაელელი ხალხის მიმართ სიძულვილის შესახებ, თუმცა არასათანადოდ შეაფასეს მტრის შემოქმედებითობა და კომპეტენცია” - ამბობს ამერიკელი ჟურნალისტი და მიმომხილველი დევიდ იგნაციუსი. 

ამ მასშტაბის ორგანიზებული ტერორიზმი მტრულ გარემოში აღმოცენებული და გამოწრთობილი ისრაელის საზოგადოებისთვისაც კი მოულოდნელი იყო. ბევრისთვის გასაკვირად ისრაელელი უსაფრთხოების ანალიტიკოსები არ მოელოდნენ, თუ ჰამასის მებრძოლები საზღვარზე აღმართულ ბარიკადებს პარაპლანით გადალახავდნენ და სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით მიიტანდნენ იერიშს ებრაულ დასახლებებზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის გაციფრულებული და დისტანციურად მართვადი მონიტორინგის სისტემები სრულად აკონტროლებენ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას, ამ არეალში პალესტინელების აქტიური მოძრაობა ან ხალხის სიხშირე გასაკვირი არაა. ჰამასის სამხედრო ფრთა რეგიონული ბრიგადებით და ბატალიონებით არის ჩამოყალიბებული და მათი მებრძოლები ლოკალურად, თავიანთ ტერიტორიაზე ოპერირებენ. ღაზის სექტორი მთლიანად 360 კვადრატული კილომეტრია და ისრაელის სასაზღვრო პუნქტიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე მანძილი სულ რაღაც 10 კილომეტრია. შესაბამისად, ბევრი თავდამსხმელი 7 ოქტომბრის დილას ჩვეულებრივ თავიანთი სახლების სიახლოვეს იქნებოდა და მათი გადაადგილება დიდხანს არ გახდებოდა ისრაელის დაზვერვისთვის საგანგაშო. 

7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმების დაწყებამდე ისრაელის დაზვერვის სამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია ღაზის სექტორში ჰამასის მებრძოლების ქსელების აქტივობების შესახებ და შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნათ ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზის სექტორის საზღვართან. ამის მიუხედავად, ისრაელი დაგეგმილ ტერორისტულ იერიშს მაინც მოუმზადებელი შეხვდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფაქტობრივი ინფორმაციიდან სადაზვერვო ინფორმაციის ანალიზამდე გზა ისრაელის დაზვერვამ ვერ გაიარა

ტერორისტების ბარბაროსულ შეჭრამდე ჰამასმა დრონების საშუალებით ისრაელის თავდაცვის ფიჭური კომუნიკაციების სადგურებზე და სადაზვერვო კოშკებზე მიიტანა იერიში. ამით ისრაელის ოფიცრებს ვიდეო მონიტორინგის და სიტუაციის კონტროლის უნარები შეეზღუდათ. დისტანციურად მართვადი თავდაცვის და დაზვერვის სისტემები ასევე დისტანციურად მართვადმა ტექნოლოგიამ დაამარცხა. 

საზღვარზე მონიტორინგისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის განეიტრალებით ჰამასის ძალებს რკინის ღობეების გადალახვა ბულდოზერებით და პიკაპის ტიპის მანქანებით გაუმარტივდა. როგორც აღმოჩნდა, რკინის სახელდახელო კონსტრუქციებმა ვერ შეძლო ჰამასის ძალების შეკავება და ღობის დაზიანებული ადგილებიდან ტერორისტები ყველაზე მარტივად, ფეხით გადავიდნენ ისრაელის მიწაზე. 

NYT-სთან ისრაელის თავდაცვის ოთხმა წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვით დაზვერვის სამსახურის ხარვეზებზე ისაუბრა. მათი აზრით, ისრაელის მთავარი შეცდომები ოთხ ნაწილად იყოფა:

  1. დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს პალესტინელი თავდამსხმელების საკომუნიკაციო ქსელების მონიტორინგი და მიღებული ინფორმაციის ანალიზი
  2. ისრაელი ზედმეტად ენდობოდა საზღვარზე განთავსებულ სადაზვერვო ინფრასტრუქტურას, რომელიც საკმაოდ მარტივად გადასალახი აღმოჩნდა თავდამსხმელებისთვის. საზღვარზე განლაგებული თავდაცვის ძალების მებრძოლების ნაწილი ძილში მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს
  3. ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები ერთ სასაზღვრო ბაზაზე იყვნენ შეკრებილები, რომელიც ჰამასის ტერორისტებმა მალევე დაარბიეს და ისრაელელმა სამხედროებმა სხვა ბაზებთან ინფორმაციის გაცვლა ვერ მოასწრეს. მეთაურებს შორის საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობა თავდასხმის პირველ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისუსტე აღმოჩნდა, რამაც ჰამასის ტერორისტებისადმი წინააღმდეგობის გაწევა გაართულა
  4. ისრაელის უსაფრთხოების სამსახური ბრმად ენდო საკუთარ წარმატებას და თვითრწმენას, რომ ღაზის სექტორში ყველაფერს აკონტროლებდნენ. ამას არც თავად ღაზის სექტორის სამხედრო ლიდერები უარყოფდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მათ ბრძოლისთვის მზადება შეწყვიტეს

“ჩვენ მილიარდებს ვხარჯავთ ჰამასის გარშემო სადაზვევრო ინფორმაციის შესაგროვებლად, თუმცა სულ ერთ წამში ყველაფერი დომინოს პრინციპით ინგრევა” - თქვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა იოელ გუზანსკიმ. 

შეიძლება ითქვას, რომ ისრაელის დაზვერვამ მთავარი შეცდომა რამდენიმე თვით ადრე დაუშვა, როდესაც არასათანადოდ შეაფასა ჰამასის შესაძლებლობები და მზადყოფნა მასშტაბური ომის დასაწყებად. ჰამასს და ისრაელის თავდაცვის ძალებს სპორადული შეტაკებების მიღმა კონვენციური ომის ორი დამოუკიდებელი გამოცდილება აქვთ. ამასთან, საინტერესოა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჰამასმა თავად აღკვეთა საზღვართან არეულობები და დათანხმდა კატარის მიერ ლობირებულ ცეცხლის შეწყვეტის და სიტუაციის სტაბილიზაციის შეთანხმებას. ამ ყველაფერმა შეცდომაში შეიყვანა ისრაელის სპეცსამსახურები, რომლებიც მთავარ გამოწვევას სულ სხვაგან, ლიბანის საზღვართან ელოდნენ. 

“ჰამასი ძალიან, ძალიან შევიწროებულია და ესმის თუ რა შედეგები მოჰყვება დაუმორჩილებლობას” - თქვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჩი ჰანეგბიმ თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე. 

ჰამასის მებრძოლებისა და ლიდერების სატელეფონო საუბრებს, რომლებსაც ისრაელის დაზვერვა აქტიურად უსმენს, ჩანდა, რომ 2021 წლის ორკვირიანი ომის შემდეგ ჰამასი ცდილობდა თავი აერიდებინა ისრაელთან კიდევ ერთი ომისგან. ახლა კი ისრაელის დაზვერვისთვის საინტერესოა ეს სატელეფონო საუბრები ნამდვილი იყო თუ დადგმული. 

დაზვერვის ხარვეზების კიდევ ერთი მიმართულება სრულიად ტექნიკური იყო - ისრაელის თავდაცვის მეთაურების თქმით, დისტანციურად მართვადი სადაზვერვო ტექნიკისა და შეიარაღების სისტემა ღაზის საზღვარს ფაქტობრივად ხელშეუხებელს ხდიდა. ამის გამო, ისრაელმა თავის თავს სასაზღვრო ბაზებზე ჯარისკაცების რაოდენობის შემცირების და დასავლეთ სანაპიროსთან რელოკაციის უფლება მისცა. 

“ცოცხალი ძალის შემცირება გონივრული ჩანდა, რკინის გალავნის მშენებლობის და იმ განწყობის ფონზე, რომ ის უძლეველი იყო და მისი გადალახვა არავის შეეძლო” - თქვა ისრაელის სახმელეთო ძალების გადამდგარმა მაიორ გენერალმა, იზრაელ ზივმა. 

ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების მაღალი თანამდებობის პირები უახლოეს პერიოდში მყისიერ საფრთხეს პირველ რიგში ისრაელის ჩრდილოეთით, ლიბანის საზღვრიდან მოელოდნენ. რისკების შეფასების პროცესში ისრაელელი სპეციალისტები ჰამასზე მნიშვნელოვან და მოსალოდნელ საფრთხედ ლიბანურ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას თვლიდნენ და შესაბამისად, დაზვერვის ყურადღების დიდი წილიც სწორედ ჩრდილოეთის ფრონტს ეთმობოდა. 

დაზვერვისა და თავდაცვის უდიდესი რესურსების მიუხედავად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს საკუთარი ცოცხალი ძალისა და რესურსების ყველგან გადანაწილებისა და ყველაფრის ერთდროულად კონტროლის ფუფუნება. ისრაელის დაზვერვისთვის ერთ-ერთი მთავარ ამოცანას სწორი პრიორიტეტიზაცია წარმოადგენდა. ისრაელის თავდაცვისუნარიანობა ღაზის საზღვართან ნაწილობრივ სწორედ სადაზვერვო და თავდაცვის რესურსების არაეფექტიანმა რელოკაციამ დაასუსტა. 

დევიდ იგნაციუსი ჰამასის ამ მოულოდნელ თავდასხმას 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმას ადარებს და პარალელს ავლებს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურსა და ამერიკული უშიშროების სისტემის მარცხებს შორის. მისი აზრით, ორივე შემთხვევაში საკმარისი ფაქტობრივი ინფორმაცია სახელმწიფოს ჰქონდა, თუმცა ვერ მოხერხდა ამ ინფორმაციის სათანადო ანალიზი და ერთმანეთთან დაკავშირება. წერტილების შეერთება - ასე მოიხსენიებს იგნაციუსი დაზვერვის სამსახურის უნარს სწორად გააანალიზოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის უწყვეტი ნაკადები. 

კონკრეტული თავდასხმის დროს დაზვერვის მარცხის ანალიზისას მნიშვნელოვანია ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების სხვა სამსახურების მუშაობის სისტემის აღქმა. დევიდ იგნაციუსი იხსენებს, რომ 2001 წლის ტერაქტებამდე FBI-სა და CIA-ს შორის მწვავე დაპირისპირება იყო და ისინი, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურები, ერთმანეთს არ ენდობოდნენ. მისი თქმით, დაპირისპირების ხარისხი იმდენად მაღალი იყო, რომ ფაქტობრივად ეს ორი ორგანო ერთმანეთს ინფორმაციას თითქმის არ აწვდიდა და ერთობლივად არ მუშაობდნენ. 

ამის მსგავსად, ბოლო თვეები ისრაელის შიდა პოლიტიკისთვის უკიდურესად დაძაბული იყო. სასამართლო რეფორმის გარშემო პოლიტიკური დაძაბულობა ზოგად შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც ისრაელის პოლიტიკური, სასამართლო და სამხედრო ელიტა ორად გახლიჩა. ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ჰამასის ბარბაროსული თავდასხმის წინ ისრაელი უფრო მოწყვლადი გახადა ცენტრალური პოლიტიკური მმართველობის არაორგანიზებულობა იყო, რის გამოც წესრიგისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის სტანდარტული მოდელის შენარჩუნება ვერ შეძლო. მრავალწლიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ნეთანიაჰუს პარტიის და კონსერვატიული პოლიტიკური ძალებით ჩამოყალიბებული კოალიციური მთავრობა სამხედრო ელიტის ბევრი წარმომადგენლისთვის რადიკალურად მიუღებელი აღმოჩნდა. ზოგადად, ისრაელის სამხედრო და დაზვერვის ელიტა მკაცრად სეკულარულია და ულტრა-ორთოდოქსულ ჯგუფებთან საერთო ენას ძნელად პოულობს. ისრაელის უსაფრთხოების სამსახური, სამხედრო დაზვერვა და შიდა უსაფრთხოების სამსახური - შინ ბეთი მწვავედ დაუპირისპირდნენ ნეთანიაჰუსა რეჟიმს, მათ შორის თავდაცვის მინისტრ იოვ გალანტს, რომელიც კონსერვატიულ და ულტრა-მემარჯვენე ლიკუდის პარტიას წარმოადგენს. ამ ორ ფლანგს შორის დაპირისპირების ქვაკუთხედი არა რომელიმე კონკრეტული კანონპროექტი ან პოლიტიკური ნაბიჯი, არამედ ფუნდამენტურად განსხვავებული ხედვები იყო, თუ როგორი წარმოუდგენიათ ისრაელის სახელმწიფოებრიობა. ამ მძიმე და მნიშვნელოვანმა პროცესმა შესაძლოა ჰამასი და მის უკან მდგარი აქტორები ისრაელის შიდა პოლიტიკური სტრუქტურის სიმყიფეში დაარწმუნა. 

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰამასის 7 ოქტომბერს დაწყებულ ტერორისტულ ომს კავშირი აქვს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით კი საუდის არაბეთთან დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესთან. ნორმალიზაციის ტენდენცია 2020 წელს ისრაელსა და 5 არაბულ სახელმწიფოს შორის აბრაამის შეთანხმების დადებით დაიწყო და დღემდე გრძელდება არაბული სამყაროს ყველაზე დიდ თევზთან - საუდის არაბეთთან დაახლოებით. აბრაამის შეთანხმება ბუნებრივია გულისხმობს, რომ დროთა განმავლობაში ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ტრადიციული მტრობა თანამშრომლობით ჩანაცვლება და არაბული სამყაროს ლიდერობისთვის აუცილებელი იდეოლოგიური ატრიბუტი ისრაელთან კონფრონტაციაში ყოფნა აღარ იქნება. ისრაელისა და არაბული სამყაროს დაახლოება ყველაზე მეტად ირანისთვის წარმოადგენს კრიტიკულ საფრთხეს და უკანასკნელ წლებში მისი პოლიტიკაც აბრაამის შეთანხმების ხელმომწერებს შორის დაპირისპირების ხელახლა გაღვივებას ემსახურება. აბრაამისეული რელიგიების ხალხებს შორის მშვიდობა პალესტინის საკითხს არაბული სამყაროს დღის წესრიგიდან თანდათან ჩამოაცილებს. პალესტინის, როგორც ჩაგრული არაბი ხალხის ბანქო ერთ-ერთი მძიმეწონიანი იდეოლოგიური იარაღია, რასაც ირანი იყენებს და დროის სვლასთან ერთად ამ ბანქოს ღირებულების კლება გარდაუვალია. 

ბოლო წლებში, მსოფლიოს მრავალი სამხედრო ანალიტიკოსი თვლიდა, რომ სენსორების, კამერების და დისტანციურად მართვადი შეიარაღების განთავსება სასაზღვრო რეგიონებში სრულმასშტაბიანი სახმელეთო თავდასხმის შანსებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა. ჰამასის მოულოდნელი თავდასხმა ისრაელზე აჩვენებს, რომ დისტანციური მონიტორინგის სისტემების და სხვა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება სასაზღვრო რეგიონებში სრულმასშტაბიანი თავდასხმის შესაძლებლობას არ ამცირებს.

კომენტარები