ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

7 ოქტომბერს ჰამასმა, ტერორისტულმა დაჯგუფებამ, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიაზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა წამოიწყო. ქვეყნის სამხრეთ რეგიონში ტერორისტებმა არაერთი სისასტიკე ჩაიდინეს და 1 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაუნდობლად მოკლეს.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ტაბულა ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს ესაუბრა. დიპლომატი ინტერვიუში შეეხო ჰამასის ტერორისტულ თავდასხმებსა და ირანის პოლიტიკას.

– პირველ რიგში ჰამასის ტერორისტების დაუნდობელ თავდასხმაზე თქვენი მოსაზრებით დავიწყოთ. რა ხდებოდა ისრაელში გასულ დღეებში და რას ფიქრობთ ან ტერორისტულ ქმედებებზე?

– რთულია სიტყვების პოვნა იმის აღსაწერად, თუ როგორ ვგრძნობთ თავს ისრაელში მომხდარ საშინელებებთან დაკავშირებით.

გუშინ, დღისით ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს ზოგიერთ კიბუცში შესვლა. ვიცოდით, რომ შაბათის შემდეგ იქ მასობრივი მკვლელობები მოხდა. ვიცოდით, რომ ჰამასის ტერორისტები ამ კიბუცებში შევიდნენ და საშინელი სისასტიკეები ჩაიდინეს, მაგრამ გუშინ, როცა სურათები გავრცელდა, როცა ასზე მეტი ცხედარი გამოიტანეს კიბუცი ბეერიდან, რამდენიმე ასეული ადამიანის დასახლებიდან, [კიბუცი] კფარ აზადან, სადაც იპოვეს ჰამასის მიერ თავმოკვეთილი ბავშვები…. იყო ქალების გაუპატიურების სამხილები… ადამიანები სახლებში დაწვეს… არ არსებობს სიტყვები ამის აღსაწერად… როცა ასეთი ბოროტების წინაშე ხარ, ზოგჯერ მსგავსი ქმედებების აღსაწერად ახალი სიტყვებია მოსაგონებელი.

ჩვენ ვართ დამწუხრებულები, მგლოვიარეები, ვგრძნობთ გულისრევას იმაზე, რაც გააკეთეს. თუმცა, ამას გარდა ძალიან მიზანდასახულები და თავდაჯერებულები ვართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ასეთი რამ აღარასდროს მოხდება. საფრთხე, რომელთანაც ვცხოვრობდით, რომელიც ღაზის სექტორიდან მოდიოდა გაქრება, განადგურდება.

– როგორი უნდა იყოს საერთაშორისო რეაქცია ამ მოვლენებზე?

– საერთაშორისო რეაქცია ამ დრომდე სრულად მხარდამჭერი იყო. ვისაუბროთ პრეზიდენტ ბაიდენზე. დარწმუნებული ვარ იხილეთ მისი ემოციური, აღსანიშნავი სიტყვით გამოსვლა. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ბაიდენმა შეაჯამა, რას გრძნობს მსოფლიოს უმრავლესობა ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით, როგორ დგას ცივილიზებული სამყარო ისრაელის გვერდზე და ესმით, რომ ასეთი სისასტიკის, ბარბაროსული ტერორიზმის პირისპირ ისრაელმა უნდა იმოქმედოს და დარწმუნდეს, რომ ეს ჩვენს მოქალაქეებს აღარასდროს დაემართებათ.

– რა იქნება თქვენი პასუხი მათ მიმართ, ვინც კვლავ ტყუვდება ჰამასისა და სხვა რადიკალი აქტორების პროპაგანდით და ისრაელს კვლავ აგრესორად წარმოაჩენს?

– ვფიქრობ, მათ საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, თუ აშინებდათ დაეში, ISIS-ი, როცა ჟურნალისტებს ანაწევრებდნენ, ქალებს შრომით ბანაკებში მუშაობას აიძულებდნენ, რა უშლით ხელს ზუსტად იგივე ქმედებების დაგმობაში? იქნებ მიზეზი ის არის, რომ მსხვერპლები ისრაელელები, ებრაელები არიან? ეს დგას ამ გამართლებების უკან?

ვფიქრობ ცხადად უნდა გვესმოდეს თუ რა მოხდა. ეს არ არის ისრაელისა და პალესტინის მიმდინარე კონფლიქტის ნაწილი. ეს არის ერთ-ერთი დაუნდობელი თავდასხმა, დასავლურ სამყაროზე, ცივილიზებულ სამყაროზე, ყველაზე, ვისაც მცირეოდენი მორალი გააჩნია, ეს არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე. არ უნდა მიუდგნენ როგორც მორიგ ინციდენტს ახლო აღმოსავლეთში.

ნებისმიერი, ვინც ცდილობს გაამართლოს ბავშვებისთვის თავის მოკვეთა, გოგოების გაუპატიურება, გატაცება, ტყვეებად აყვანა მოხუცი ქალების, ჰოლოკოსტს გადარჩენილების, ვისაც მედიკამენტები სჭირდებათ, ბავშვების, უდანაშაულო ადამიანების, რომლებიც მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ… არ მგონია, რაც ვიხილეთ, გამართლებადი იყოს.

ჩემი აზრით, გამართლების ნებისმიერი მცდელობა არ ეხება პოლიტიკას, ეს არის ანტიისრაელიზმი, ისრაელის სახელმწიფოს დელეგიტიმაცია,მთელ მოვლენასთან მიმართებით კი არის ანტისემიტური მიდგომის ნაწილიც.

– რას ფიქრობთ, როგორ შეძლეს ტერორისტებმა სამხრეთ ისრაელის ქალაქებამდე მიღწევა? უსაფრთხოების გარკვეული ჩავარდნა იყო?

– არ ვიცი. ამ საკითხს ამჟამად არ ვეხებით. დასავლეთი დარწმუნებულია, რომ ისრაელში ძალიან ძლიერი დემოკრატიაა. ამას მივხედავთ. მოვა დრო და გადავხედავთ როგორ მოხდა ეს, მაგრამ ახლა ამის დრო არაა.

ახლა, როცა გაერთიანებული ვართ, გადარჩენილთათვის დახმარების დროა. სხვა სიტყვით ვერ აღვწერ ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს ცოცხლები დარჩენილიყვნენ მაცივარში 14 საათით დამალვის შემდეგ, 12 საათით საკუთარი ბავშვების გადამალვის შემდეგ… ბავშვები, რომლებსაც თვალწინ დაუხოცეს დედმამიშვილები. ახლა მხარი უნდა დავუჭიროთ, დავეხმაროთ გადარჩენილებს. ამასთანავე მხარი დავუჭიროთ ისრაელის თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების დანარჩენ ძალებს იერიშებში, რომლებიც ღაზაში უკვე დაიწყო, რათა დავრწმუნდეთ… ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ: აღარ ვიცხოვრებთ ასეთი ღაზის სექტორი გვერდზე, ამ ომის დასასრულს რეალობა განსხვავებული იქნება. ეს საფრთხე, ეს ტერორისტული ორგანიზაციები, ჰამასი და ისლამური ჯიჰადი და ყველა მათი მხარდამჭერიც, გაიგებენ, ყველაზე ცხადად, რომ ეს აღარასდროს განმეორდება და აღარასდროს ვიქნებით თანახმა, ვიცხოვროთ ასეთი მკვლელი ორგანიზაციების გვერდზე.

– ბოლო წლებში ისრაელში საშინაო პოლიტიკური სიტუაცია დაძაბული იყო, განსაკუთრებით სასამართლო რეფორმის გამო. იმოქმედა ამ ყველაფერმა ისრაელის უსაფრთხოებაზე რამენაირად? რა შეიცვლება საშინაო პოლიტიკაში, სანამ ეს ომი გრძელდება?

– ისრაელის საზოგადოება მძიმე, პოლარიზებულ დებატებში იყო ჩართული. [ახლა] ყველა გაერთიანდა. მოქალაქეები, ისრაელის საზოგადოება, ჩემი ოჯახი და მეგობრები, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველაფერს გვერდზე წევენ და ერთიანდებიან, რომ დაეხმარონ, მხარში ამოუდგნენ მათ, ვისაც ეს სჭირდება. ეს არის ისრაელი. ეს ვართ ჩვენ. შეიძლება ერთმანეთში უთანხმოება გვქონდეს, მაგრამ საჭიროების დროს, ყველამ იცის როგორ გადადონ ყველაფერი გვერდზე და ფოკუსირებული იყვნენ იმაზე, რაზეც საჭიროა.

რაც შეეხება პოლიტიკას, დარწმუნებული ვარ, ვინც დაინტერესებულია თვალს ადევნებს, რომ მიმდინარეობს საუბარი მთავრობის გაფართოებაზე. ეს როგორც არ უნდა დასრულდეს, საბოლოოდ, სრული მხარდაჭერა იქნება ყველა მხრიდან, ყველა პოლიტიკური პარტიის, მთელი საზოგადოების მხრიდან, რადგან ასეთი დაუნდობელი, არაადამიანური თავდასხმის პირისპირ სხვა ყველაფერი უმნიშვნელო ჩანს.

– რატომ გააჩაღა ჰამასმა ეს ომი ახლა? შესაძლოა ის ირანის ან სხვა აქტორების მიერ იყოს მართული?

– ჰამასსა და ირანს შორის განსხვავება არაა. ეს თავდასხმა მათი კავშირის პირველი სამხილი არაა. ჰამასსა და ირანს შორის მრავალი წლის განმავლობაში არსებობს მტკიცე კავშირი. ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში თუკი ტერორიზმი არსებულა, კვალს რომ გაჰყვე, ყოველთვის მიხვალ ქვეყნამდე, რომელიც ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოა, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკა, ირანის ისლამური სახელმწიფოა.

ჰამასი და ირანი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობენ. ჰამასს აფინანსებდნენ, აძლევდნენ მითითებებს, ჰამასის [ლიდერი, ისმაილ] ჰანია ხვდებოდა ირანის მაღალჩინოსნებს. რა თქმა უნდა, [ირანის] უზენაესმა ლიდერმა განადიდა და აღნიშნა [ჰამასის მოქმედებები], კადრების ფონზე, რომლებშიც მუსიკალური ფესტივალიდან შეუიარაღებელი ხალხი სიცოცხლის გადასარჩენად გარბოდა, როცა ტერორისტები ავტომატებით მისდევდნენ. ამის გარეშეც ვიცოდით… ირანი ჩართულია ყველაფერში, ყველა მცდელობაში, ყველა ინიციატივაში, რაც ითვალისწინებს ძირის გამოთხრას, ესკალაციას, ზიანის მიყენებას - ყველგან იქნება ირანის ნაკვალევი.

რატომ ჩაიდინა ეს ყველაფერი ჰამასმა?  - რატომ აკეთებდა ISIS-ი? რადგან ეს ტერორისტული ორგანიზაციებია, რომლებიც არიან ფანატიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ იდეოლოგიას, ექსტრემალურად რელიგიურს. ვინ არიან? იგივეა ISIS-ზე იკითხო, რატომ ჩაიდინეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ამის სწამთ, ამას წარმოადგენენ. ასევეა ჰამასის შემთხვევაშიც. ჰამასს დიდი ხანია ვიცნობთ. ვფიქრობ, ახლა მთელი მსოფლიო იწყებს გაგებას, თუ ვინ არიან, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეს არ არის პოლიტიკური სუბიექტი და არ წარმოადგენენ პალესტინელ ხალხს. ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია.

– რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა, რაც დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებაა. ეს კარგი ამბავი არაა ირანისთვის, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში ისედაც მცირე გავლენები აქვს. მათთვის აზერბაიჯანი თავის ტკივილია რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომ, რომ იერუსალიმი და ბაქო პარტნიორობენ. შესაძლებელია, რომ ისრაელში მიმდინარე ომი იყო თეირანის მცდელობა, სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ცვლილების პასუხად სხვა რეგიონში მოეპოვებინა გავლენა? 

– ჩემი პასუხია არა და აგიხსნით რატომ. ირანის სიძულვილი და მცდელობები, ზიანი მიეყენებინათ ისრაელისთვის ყარაბაღის ამბებზე უფრო ადრე დაიწყო. 1979 წელს როცა ირანში ხომენეი დაბრუნდა და რევოლუცია მოხდა, მას შემდეგ ისრაელი ირანელების მიერ გამოცხადებული მტერია. ყოველ ჯერზე, როცა ატარებენ სამხედრო წვრთნებს, როცა ცდიან ბალისტიკურ რაკეტებს, რაკეტებს აწერია: "გაანადგურე ისრაელი".

მიზეზების ძებნა საჭირო არაა. ირანი ფოკუსირებულია პროპაგანდაზე, წაქეზებასა და აქტიურ ტერაქტებზე, იმის იმედით, რომ დაასუსტონ, გაანადგურონ ისრაელი, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევენ. ამას დავამატებ, რომ ირანელები მიზანში იღებენ ისრაელელებს, ოფიციალურ თუ არაოფიციალურ პირებს, არამხოლოდ ისრაელის სახელმწიფოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ვიცით, ამ ოპერაციას არც მალავენ, რომ [ირანის] სახელმწიფოს ჰყავს მთელი შტო, ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა ისრაელისა და დასავლელ სამიზნეებზე თავდასხმა ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აქ - საქართველოში. არაა საჭირო ჩაძიება იმისთვის, რომ გავიგოთ რას წარმოადგენენ.

– და რას ფიქრობთ უკრაინის ომზე? შეიძლება ამას რაიმე გავლენა ჰქონდეს ისრაელის მოვლენებზე, იმის გათვალისწინებით, რომ თეირანი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აიარაღებს?

– ვაღიარებ, რომ ახლა კავშირს ვერ ვხედავ. შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება არა. ვფიქრობ, ყველა ვაფასებთ პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც რამდენჯერმე გამოხატა საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა, გამოხატა, როგორ დგას ისრაელის გვერდზე. შთამბეჭდავია, როცა ლიდერი, რომელიც ომით არის დაკავებული, რომელში ჩართვაც მას უკვე თითქმის 2 წელია რაც მოუწია, მტკიცედ დგას ისრაელის გვერდით. ვერ ვხედავ კავშირს. ვფიქრობ, ირანი მრავალმხრივ იყო დაკავებული ტერორიზმის საზღვრებს გარეთ გატანითა და ისტორიის არასწორი მხარის დახმარებით, რაც მრავალი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად მიმდინარეობს. 

– რადგან სამხრეთ კავკასიაში ირანის გავლენები ვახსენეთ, ამ თემაზე კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ამჯერად საქართველოზე. გასულ წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქართველ-ებრაელი ბიზნესმენის, იციკ მოშეს მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, მკვლელობის დამკვეთები ირანის ყუდსის ძალების წარმომადგენლები იყვნენ. ამ შემთხვევის შემდეგ ყოფილა რაიმე ინფორმაცია ირანის რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებულ პირთა საქართველოში აქტიურობის შესახებ?

– ზოგიერთ შეკითხვაზე დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებ. ზოგადად რომ ვთქვა, ვფიქრობ, რომ საქართველოში უსაფრთხოების ძალებმა კარგად იციან ეს საფრთხეები, ელემენტები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში შეუქმნან საფრთხე ისრაელელებსა და სხვებს.

– კვლავ მიმდინარე მოვლენებს დავუბრუნდეთ. როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდება ეს ომი? შესაძლოა მისი გაფართოება და სხვა მხარეების ჩართვა?

– ეს დასრულდება ღაზის სექტორში სხვა რეალობით. ეს არ არის მორიგი მოკლევადიანი ესკალაცია, რომლის შემდეგაც ამ სტატუს კვოში ცხოვრებას გავაგრძელებთ. რაც სტატუს კვოც არაა, არამედ ის, რასაც ბოლო 20 წელში ვხედავთ. ეს სხვა რეალობით შეიცვლება. რეალობით, რომელშიც საფრთხე მოშორებული იქნება.

რაც შეეხება სხვა ფრონტებზე გაფართოებას. ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ვხედავთ, რომ ჩრდილოეთ საზღვარზე ბოლო 2-3 დღეში ინციდენტი ინციდენტის შემდეგ ხდებოდა. მგონია, რომ საკმაოდ ცხადია ჩვენი პოზიცია, რომ შოკირებული ვართ, ვგლოვობთ და გულდაწყვეტილები ვართ, რადგან, შესაძლოა, მოკლული იყოს 1 200 ადამიანი. ბევრი მათგანი უწყინარი ბავშვი და მოხუცია. ეს ბარბაროსული ქმედების განმარტებაა. მაგრამ არავის ეგონოს, რომ ჩვენი თანაგრძნობა, ჩვენი სისუსტეა, რადგან ეს ასე არაა. რეგიონში ნებისმიერი აქტორისთვის ან ჯგუფისთვის უდიდესი შეცდომა იქნება ჩათვალონ, რომ ახლა ისრაელის გამოცდის დროა.

ვისთვისაც ეს საკმარისი არაა, მგონია, პრეზიდენტი ბაიდენი გუშინ ასევე ცხადი იყო, როცა თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი არა მხოლოდ გზავნის საკუთარ თანამედროვე ავიამზიდსა და დამატებით საბრძოლო ხომალდებს ისრაელის სანაპიროს მიმართულებით, არამედ მიმართავს მსოფლიოსაც და მკაფიოდ გამოხატავს, როგორ ხედავს ამერიკა ისრაელზე თავდასხმის ნებისმიერ მცდელობას. ვიმედოვნებ, რომ ეს გზავნილი გაიგეს მათ, ვისთვისაც ის განკუთვნილი იყო.

კომენტარები