ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ეგვიპტე ღაზის სექტორის საზღვარზე გამშვებ პუნქტს გახსნის

რაფას გამშვები პუნქტი
Said Khatib/AFP/Getty Images

ეგვიპტე ღაზის სექტორთან მაკავშირებელ გამშვებ პუნქტს გახსნის, რაც მშვიდობიან პალესტინელებს ევაკუაციის საშუალებას მისცემს.

"რაფა გაიხსნება. ვათანხმებთ გაეროსთან, ეგვიპტესთან, ისრაელთან და სხვებთან მექანიზმს, რათა შევიტანოთ დახმარება და მივაწოდოთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკებმა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ფათაჰ ალ-სისისთან შეხვედრის შემდეგ.

ბლინკენს არ დაუკონკრეტებია საზღვრის გახსნის ზუსტი დრო. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ჰუმანიტარული საკითხების სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნეს გამოცდილი ამერიკელი დიპლომატი, დევიდ სატერფილდი, რომელიც ეგვიპტეში 16 ოქტომბერს ჩავა და შეთანხმების დეტალებზე იმუშავებს.

პალესტინური წყაროების ცნობით, NBC News-მა დაწერა, რომ რაფას გამშვები პუნქტი ადგილობრივი დროით 9 საათზე გაიხსნება. მედიის წყაროების ცნობით, საზღვარი რამდენიმე საათით იქნება გახსნილი.

როგორც ისრაელის მედიაში წერდნენ, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისრაელი ადგილობრივი დროით 9 საათიდან სამხრეთ ღაზაში ცეცხლს შეწყვეტს, რათა გამშვები პუნქტი გაიხსნას. ეს ცნობა ისრაელმა მალევე უარყო.

გასულ დღეებში ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მცხოვრებლებს მოუწოდა, რომ დაეწყოთ სამხრეთისკენ ევაკუაცია. მოსახლეობას ჰამასი მოუწოდებდა, არ მიექციათ ყურადღება ისრაელის გაფრთხილებისთვის და მათ, ცნობების მიხედვით, ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები