რუსეთი

რუსეთის დუმაში ბირთვული იარაღის გამოცდის ამკრძალავი შეთანხმების დატოვებას განიხილავენ

РС-28 სარმატის ტიპის რაკეტა წითელ მოედანზე

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, უახლოეს მომავალში პალატაში ბირთვული გამოცდების შეთანხმების რატიფიკაციის უკან გამოხმობას განიხილავენ. ამის შესახებ მან სააკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა.

"სახელმწიფო დუმის საბჭოს უახლოეს სხდომაზე აუცილებლად განვიხილავთ ბირთვული იარაღის გამოცდის ყოვლისმომცველი აკრძალვის რატიფიკაციის უკან გაწვევას. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრაში და იქნება სარკისებრი პასუხი აშშ-სთვის, რომელსაც ჯერაც არ მოუხდენია შეთანხმების რატიფიცირება". – დაწერა ვოლოდინმა.

ვოლოდინმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი ვალდაის პლატფორმაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა წამოჭრა.

"უკვე მესმის მოწოდებები, მაგალითად, ბირთვული იარაღის გამოცდის დაწყების, გამოცდების დაბრუნების. ამასთან დაკავშირებით, აი, რას ვიტყვი. შეერთებულმა შტატებმა შესაბამის საერთაშორისო აქტს, დოკიმენტს, ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რუსეთმაც მოაწერა ხელი. რუსეთმა ხელი მოაწერა და რატიფიცირება მოახდინა, შეერთებულმა შტატებმა კი ხელი მოაწერა, მაგრამ რატიფიცირება არ მოუხდენია". – თქვა ვლადიმირ პუტინმა 5 ოქტომბერს.

ვოლოდინის მტკიცებით, ვაშინგტონსა და ბრიუსელს რუსეთის წინააღმდეგ ომი აქვს გაჩაღებული.

"სიტუაცია მსოფლიოში შეიცვალა. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომი გააჩაღეს. დღევანდელი გამოწვევები ახალ გადაჭრის გზებს მოითხოვს". – დაწერა ვოლოდინმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, რამდენიმე დღის წინ, რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი განიხილავდა რუსეთის, ციმბირის ტერიტორიაზე ბირთვული აფეთქების მოწყობას, რაც, მისი თქმით, მწყობრიდან გამოიყვანდა ყველანაირ რადიოელექტრონიკასა და თანამგზავრებს. ამ სიტყვებთან დაკავშირებით კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ სიმონიანი ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენდა და ის სახელმწიფო ორგანოებში არ მუშაობს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოცდის შეთანხმებაზე უარი ნათქვამი არ ჰქონდა. თავად სიმონიანის სიტყვებს რუსეთში უკმაყოფილება მოჰყვა.

პუტინი: აშშ ბირთვული იარაღის გამოცდას განიხილავს, თუ ამას გააკეთებენ, ჩვენც გამოვცდით

კომენტარები