რუსეთი

სიმონიანის აზრით, ციმბირში ბირთვული ბომბის ჩამოგდება დასავლეთის დასასჯელად კარგი იდეაა

მარგარიტა სიმონიანი

RT-ს მთავარი რედაქტორი, პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი თვლის, რომ დასავლეთის დასასჯელად რუსეთის ტერიტორიაზე, ციმბირში ბირთვული იარაღის აფეთქება კარგი იდეაა, რადგან ეს, როგორც თავად ამბობს, მწყობრიდან გამოიყვანს ყველანაირ რადიოელექტრონიკასა და თანამგზავრებს.

ამის შესახებ პროპაგანდისტმა საკუთარ საავტორო გადაცემაში ისაუბრა. მისი აზრით, დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს ებრძვიან. სიმონიანის თქმით, თერმობირთვული იარაღის ამ ეფექტზე მას "ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა" უთხრა და, როგორც თავად თვლის, ციმბირში ბირთვული აფეთქება არ იქნება მომაკვდინებელი.

"აი, ადამიანი, ინჟინერია, რადიოელექტრიკი, მეუბნება: იცი, ჯერ კიდევ საბჭოთა დროში ვიცოდით, თუ ასობით კილომეტრში, ჩვენსავე ტერიტორიაზე, სადღაც ციმბირში თერმობირთვულ აფეთქებას მოაწყობ... მაგალითისთვის... ბირთვულ აფეთქებას, მაშინ მიწაზე არაფერი მოხდება, არაფერი საშიში, არც ბირთვული ზამთარი, რომლისაც ყველას ეშინია, არც საშინელი რადიაცია, რომელიც ყველას მოკლავს და ვისაც ვერ მოკლავს 10 წელში ონკოლოგიური დაავადებისგან მოკვდებიან, ეს არაფერი მოხდებაო. რაც მოხდება, ეს იქნება ყველანაირი რადიოელექტრონიკის მწყობრიდან გამოსვლა... ჩვენ დავბრუნდებით სადღაც 93 წელში, სადენიანი ტელეფონები... მე რომ მკითხოთ, გადასარევად ვცხოვრობდით, გამიხარდება კიდეც". – თქვა სიმონიანმა.

ამას გარდა, სიმონიანმა გადაცემაში კიდევ ერთხელ შეაქო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა, როცა მან გაიხსენა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის (ЛДПР) მკვდარი ლიდერის, ვლადიმირ ჟირინოვსკის სიტყვები, რომლებშიც ის თბილისის დაბომბვას ითხოვდა.

"თბილისი საერთოდ არაფერ შუაშია. თბილისი საკმაოდ მისაღებად იქცევა, არ დავიღლები ამის გამეორებით. სამწუხაროდ, იმაზე უფრო მისაღებად, ვიდრე ერევანი იქცევა". – თქვა სიმონიანმა.

სიმონიანის სიტყვებს რუსეთში მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება, მათ შორის მაღალჩინოსნებს შორის.

ნოვოსიბირსკის მერმა, ანატოლი ლოკოტმა სიმონიანს მოუწოდა, რომ ნებისმიერი სახის თერმობირთვულ ენერგიას "ძალიან პასუხისმგებლიანად" მიუდგეს. "არაფერი კარგი თერმობირთვულ აფეთქებაში არაა",- თქვა მან.

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალტაის მხრიდან, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წევრმა, მარია პრუსაკოვამ სიმონიანის სიტყვებს ციმბირელების "უდიდესი შეუარცხყოფა" უწოდა. მან სიმონიანს მოუწოდა, რომ ბოდიში მოუხადოს, სულ მცირე, ციმბირელ ხალხს და განსაკუთრებით მათ, ვისაც წარსული ბირთვული გამოცდების გამო ჯანმრთელობა დაუზიანდა.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვი თქმით, სიმონიანის "არ მუშაობს ხელისუფლების ოფიციალურ ორგანოებში, ამიტომ მისი სიტყვები ყოველთვის არ ასახავს ოფიციალურ პოზიციას". მან აღნიშნა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოცდის მორატორიუმზე უარი არ უთქვამს.

კომენტარები