რუსეთი

სიმონიანი უკმაყოფილოა, რომ ციმბირში ბირთვული აფეთქების განხილვის გამო უჩივლეს

RT-ს მთავარი რედაქტორი, რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი უკმაყოფილოა, რომ მის სიტყვებს, ციმბირში ბირთვული აფეთქების შესაძლო სცენარების განხილვაზე, მოჰყვა აჟიოტაჟი და უჩივლეს.

სიმონიანის სიტყვების გამო, მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატის, ევგენი სტუპინის დამხმარემ, ნიკოლაი კოროლიოვმა აქამდე თქვა, რომ საგამოძიებო კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, "გაეანალიზებინათ" სიმონიანის სიტყვები და მიეცათ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში.

აჟიოტაჟის შემდეგ, სიმონიანმა დაიწყო მტკიცება, რომ მას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმა არ შეუთავაზებია. 

"არანაირი მსგავსი ერეტიკული რამ მე, რა თქმა უნდა, არ შემომითავაზებია და შემოთავაზება არც შემეძლო. ასეთი საშინელი ბრალდება აზიანებს ჩემს რეპუტაციას და მაყენებს სხვადსხვა სახის ზიანსა და ტანჯვას". – წერს სიმონიანი, რომელმაც ნიკოლაი კოროლიოვის წინააღმდეგ "ცილისწამების" ბრალდებით საჩივარი შეიტანა. 

სიმონიანი დაიცვა ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა. მან პროპაგანდისტს "პატრიოტი" უწოდა და თქვა, რომ "მარგარიტა სიმონიანი არაა იმდენად სულელი, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმის შეთავაზება წამოაყენოს". ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ყველა მსგავსი გადაწყვეტილება პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მისაღებია. 

"მარგარიტა სიმონიანს ძალიან კარგად ვიცნობ და კიდევ უფრო უკეთ ვიცნობ მის პრინციპულ პოზიციას. ის ნამდვილი პატრიოტია, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ნებისმიერ პლატფორმაზე იცავს". – დაწერა კადიროვმა.

გასულ დღეს სიმონიანი ამბობდა, რომ დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის ტერიტორიაზე, ციმბირში ბირთვული იარაღის აფეთქება კარგი იდეაა, რადგან ეს, როგორც თავად ამბობდა, მწყობრიდან გამოიყვანდა ყველანაირ რადიოელექტრონიკასა და თანამგზავრებს.

"აი, ადამიანი, ინჟინერია, რადიოელექტრიკი, მეუბნება: იცი, ჯერ კიდევ საბჭოთა დროში ვიცოდით, თუ ასობით კილომეტრში, ჩვენსავე ტერიტორიაზე, სადღაც ციმბირში თერმობირთვულ აფეთქებას მოაწყობ... მაგალითისთვის... ბირთვულ აფეთქებას, მაშინ მიწაზე არაფერი მოხდება, არაფერი საშიში, არც ბირთვული ზამთარი, რომლისაც ყველას ეშინია, არც საშინელი რადიაცია, რომელიც ყველას მოკლავს და ვისაც ვერ მოკლავს 10 წელში ონკოლოგიური დაავადებისგან მოკვდებიან, ეს არაფერი მოხდებაო. რაც მოხდება, ეს იქნება ყველანაირირადიოელექტრონიკის მწყობრიდან გამოსვლა... ჩვენ დავბრუნდებით სადღაც 93 წელში, სადენიანი ტელეფონები... მე რომ მკითხოთ, გადასარევად ვცხოვრობდით, გამიხარდება კიდეც". – თქვა სიმონიანმა.

სიმონიანის სიტყვებს რუსეთში მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება, მათ შორის მაღალჩინოსნებს შორის.

ნოვოსიბირსკის მერმა, ანატოლი ლოკოტმა სიმონიანს მოუწოდა, რომ ნებისმიერი სახის თერმობირთვულ ენერგიას "ძალიან პასუხისმგებლიანად" მიუდგეს. "არაფერი კარგი თერმობირთვულ აფეთქებაში არაა",- თქვა მან.

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალტაის მხრიდან, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წევრმა, მარია პრუსაკოვამ სიმონიანის სიტყვებს ციმბირელების "უდიდესი შეუარცხყოფა" უწოდა. მან სიმონიანს მოუწოდა, რომ ბოდიში მოუხადოს, სულ მცირე, ციმბირელ ხალხს და განსაკუთრებით მათ, ვისაც წარსული ბირთვული გამოცდების გამო ჯანმრთელობა დაუზიანდა.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვი თქმით, სიმონიანის "არ მუშაობს ხელისუფლების ოფიციალურ ორგანოებში, ამიტომ მისი სიტყვები ყოველთვის არ ასახავს ოფიციალურ პოზიციას". მან აღნიშნა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოცდის მორატორიუმზე უარი არ უთქვამს.

კომენტარები