რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კრემლში კსკ ვაგნერის ერთ-ერთ ყოფილ სამხედრო მეთაურს, ანდრეი ტროშევსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, იუნუს-ბეკ ევკუროვს შეხვდა. მათ ე.წ. "მოხალისეობრივი ფორმირებების" საკითხი განიხილეს.
კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული შეხვედრის თარიღი.
ვინ არის ანდრეი ტროშევი, რომლითაც პუტინს ვაგნერში პრიგოჟინის ჩანაცვლება სურს
"ანდრეი ნიკოლაევიჩ, მსურს ჩვენ შეხვედრა დავიწყო სწროედ თქვენთან საუბრით. ბოლო შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობდით, რომ თქვენ დაკავებული იქნებით მოხალისეობრივი ქვედანაყოფების ფორმირებით, რომლებსაც შეეძლებათ სხვადასხვა საბრძოლო დავალებების შესრულება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. თავად თქვენ, ერთ წელზე მეტი მსგავს დანაყოფში იბრძოდით. იცით ეს რაცაა, როგორ მუშაობს, იცით საკითხები, რომლებიც დროულად უნდა გადაიჭრას, რათა საბრძოლო სამუშაო საუკეთესო და ყველაზე წარმატებული გზით მიდიოდეს". – მიმართავს პუტინი ტროშევს გამოქვეყნებულ ვიდეოში.
აქამდე ტროშევი კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ მოწყობილი აჯანყების შემდეგ პუტინთან ვაგნერელების შეხვედრასაც ესწრებოდა. მაშინ პუტინი ამბობდა, რომ მოქირავნეებს საქმიანობის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის "მათ უშუალო მეთაურთან, ზედმეტსახელად სედოისთან" მუშაობა. სედოი ტროშევის ზედმეტსახელია. პუტინი ამბობდა, რომ ბევრი ვაგნერელი თანახმა იყო და თავს უქნევდა მის სიტყვებს, თუმცა პრიგოჟინმა თქვა: "ბიჭები არ ეთანხმებიან ასეთ გამოსავალს".
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ტროშევი უკვე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.
სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ვაგნერელებმა უკრაინაში დაბრუნება დაიწყეს.
პარალელურად, პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ კსკ ვაგნერის გავლენები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთშიც ხელში ჩაიგდოს. როგორც ცნობილია ამ საქმიანობას ხელმძღვანელობს იუნუს-ბეკ ევკუროვი, რომელიც ევგენი პრიგოჟინმა 24 ივნისს როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბის აღების დროს საჯაროდ დაამცირა. ამას გარდა, აფრიკაში ვაგნერის მემკვიდრეობის შენარჩუნებას დმიტრი სიტიიც ცდილობს.
ვინ არის დმიტრი სიტიი, რომელიც აფრიკაში ვაგნერის ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს