ვაგნერის ჯგუფი

ისტრის ბატალიონი – ყოფილი ვაგნერელების კიდევ ერთი დანაყოფი რუსეთის თავდაცვის სტრუქტურაში

ვაგნერის ჯგუფი

ისტრის ბატალიონი – ყოფილი ვაგნერელების კიდევ ერთი დანაყოფი რუსეთის თავდაცვის სტრუქტურაში

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში გამოჩნდა კიდევ ერთი ქვედანაყოფი, რომლის რიგებიც მზარდად ივსება ყოფილი ვაგნერელების მიერ. ეს არის ისტრის ბატალიონი, ასევე ცნობილი, როგორც ვაგნერის ლეგიონი.

ქვედანაყოფი ბაზირებულია მოსკოვის მიმდებარედ არსებულ ქალაქ ისტრაში. როგორც ტელეგრამ-არხებსა და Вконтакте-ში გავრცელებული პოსტებიდან ჩანს, ბატალიონის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ანუ კსკ ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინის აჯანყების ჩავარდნისა და სიკვდილიდან მცირე ხნის შემდეგ.

ისტრის ბატალიონის წევრები

ვინ არეკლამებს ისტრის ბატალიონს

ვაგნერის ლეგიონის რეკლამირებას, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, აქტიურად ეწევა ისტრის საქალაქო ოკრუგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალაქში რუსეთის მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის თავმჯდომარე, ტატიანა ვიტუშევა. ის საკუთარ ტელეგრამ-არხზე რეგულარულად აქვეყნებს პოსტებს, რომელთა მიზანიც ახალი ქვედანაყოფის რეკლამირება და მოხალისეების მოზიდვაა.

ტატიანა ვიტუშევა ისტრის ბატალიონის რეკრუტირების პუნქტში, 2024 წლის მარტი.

20 ოქტომბერს მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ვაგნერის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ყოფილი მეთაური, ალექსანდრ კუზნეცოვი, მეტსახელად რატიბორი, ისტრაში ჩავიდა და ვაგნერის ლეგიონს ესტუმრა. როგორც ვიტუშევა აღწერაში წერდა, ამ სამხედროებს მალე ფრონტზე გაგზავნიდნენ.

გავრცელებულ კადრებში რატიბორმა ხელი მოაწერა კსკ ვაგნერისა და ისტრის ბატალიონის დროშებს. მან სამხედროებს წარმატება უსურვა. ისტრის ბატალიონის Вконтакте-ს ანგარიშიდან ირკვევა, რომ ღონისძიება 16 ოქტომბერს გაიმართა. ვიდეოში ალექსანდრ კუზნეცოვის გამოჩენამ ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებულ წრეებში გაუგებრობა გამოიწვია. 

რატიბორის შეხვედრა ისტრის ბატალიონის სამხედროებთან

რატიბორი 2024 წლის აპრილში, 3 000 ვაგნერელთან ერთად, ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის სპეცრაზმ ახმატს შეუერთდა. შესაბამისად, კადიროველთა ქვედანაყოფში გაჩნდა ახალი რაზმი – პირველი მოიერიშე დანაყოფი. სწორედ ამ სახელით იყო ცნობილი რატიბორის ქვედანაყოფი, როცა ის კსკ ვაგნერის რიგებში ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. თუმცა, უკვე რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაქვემდებარებული პირველ მოიერიშე დანაყოფის სახელში სხვა ვაგნერელის ზედმეტსახელი "პიტერსკი" ფიგურირებდა. მალევე ახმატის დაქვემდებარებაში მყოფ პირველ მოიერიშე დანაყოფის ტელეგრამ-არხის სახელში მხოლოდ "პიტერსკის დანაყოფი" დარჩა, "პირველი მოიერიშე დანაყოფი" კი ამოიღეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ რაზმის შევრონებზე კვლავ გამოსახულია სიმბოლო, რომელსაც რატიობორი წლების განმავლობაში იყენებდა - სიმბოლო, რომელიც ჯვრისა და სვასტიკის კომბინაციას ჰგავს. 

განახლება - ყოფილ ვაგნერელბთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე 2 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამი იყო, რომ ალექსეი, ზედმეტსახელად პიტერსკი კსკ-ში 2017 წელს გაწევრიანდა, იმყოფებოდა სუდანში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მონაწილეობდა ბახმუტზე იერიშში. ამავე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პიტერსკიმ კსკ ვაგნერი დატოვა, უკრაინაში მიმდინარე ომში დაბრუნდა და რატიბორისგან ფაქტობრივად პირველი მოიერიშე დანაყოფის მეთაურობა მიიღო. უცნობია პიტერსკის ზუსტი ვინაობა.

რატიბორის ისტრის ბატალიონის ვიდეოში გამოჩენის შემდეგ გაჩნდა კითხვები, დატოვა თუ არა მან ან მისმა დანაყოფმა სპეცრაზმი ახმატის რიგები. მალევე, 22 ოქტომბერს გავრცელდა მისი აუდიოჩანაწერი, რომელშიც ამბობდა, რომ ის ისტრის ბატალიონს მხოლოდ "კურირებს" და მასში არ წევრიანდება.

"ისტრის ბატალიონში თავად არ მივდივარ, თუმცა მათ ვკურირებ და გავაგრძელებ კურირებას, რადგან ამ ბრიგადაში ყველაზე მეტია ჩვენი ვაგნერელების რიცხვი. და, რაც მთავარია, ჰყავთ ძალიან პროფესიონალური ბრიგადის სარდლობა, ჩემთან სულით ახლოს მდგომები, რომლებისთვისაც ბიჭების ბედი სულერთი არაა." – ამბობდა რატიბორი ჩანაწერში.

ვაგნერის ჯგუფის 1-ელი მოიერიშე დანაყოფის წევრი, პალმირა, 2016 წელი. ვაგნერთან დაკავშირებულ ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ფოტო

სწორედ 16 ოქტომბერს, მაშინ, როცა ალექსანდრ კუზნეცოვი ისტრის ბატალიონს ეწვია, კსკ ვაგნერის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე საინტერესო განცხადება გავრცელდა:

"ბოლო დროს გაიზარდა იმ პირების აქტიურობა, რომლებიც კსკ ვაგნერის სიმბოლოებისა და ბრენდის საკუთარი პირადი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. სხვადასხვა გასამხედროებული ფორმირებები, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები ცდილობენ მიიღონ სარგებელი "ორკესტრის" (რედ. ასე ეძახიან ვაგნერელები საკუთარ ჯგუფს) კეთილ სახელთან საკუთარი თავის ასოცირებით. სხვა ფანტაზიორები, რომლებიც პოპულარობისკენ ისწრაფვიან, ცდილობენ შეიქმნან "კსკ ვაგნერის მტრების" იმიჯი. გვსურს ხაზი გავუსვათ - ეს არის მხოლოდ საცოდავი მცდელობები შეეტენონ "ორკესტრის" დიდებულ სახელს, რომელთანაც ზემოხსენებულ ნაძირლებს საერთო არაფერი აქვთ." – ეწერა განცხადებაში.

საინტერესოა, რომ რამდენიმ დღის შემდეგ რატიბორის სტუმრობის ვიდეოჩანაწერი საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ტატიანა სემინიონოვნამ, რომელიც სექტემბრიდან მოყოლებული კსკ ვაგნერის წარსულის გამოყენებით აქტიურად არეკლამებდა ისტრის ბატალიონს. რუსეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლის ტელეგრამ-არხზე ვაგნერის შესახებ საუბარს პრიგოჟინის აჯანყების მოვლენებამდე ვერ შეხვდებით, ვაგნერელებზე დადებით კონტექსტში საუბარი კი მან მაშინ დაიწყო, როცა ჯგუფის ყოფილმა წევრებმა თავდაცვის სამინისტროსთან ისტრის სამხედრო კომისარიატიდან ხელშეკრულებები გააფორმეს. შესაძლოა, ვაგნერის ორიგინალი სტრუქტურის განცხადების სამიზნე სწორედ ვიტუშევაც იყო.

ისტრის ბატალიონის, იგივე ვაგნერის ლეგიონის სამხედროები

ისტრის ბატალიონის აგებულება

რაც შეეხება თავად ისტრის ბატალიონს, როგორც ქვედანაყოფის Вконтакте-ს ანგარიშში გამოქვეყნებულ პოსტში წერენ, მის შემადგენლობაში შედიან ვაგნერის ჯგუფის 1-ელი, მე-9, მე-10, მე-11 და მე-13 მოიერიშე დანაყოფს ყოფილი მეთაურები. ისტრის ბატალიონში შემავალ მე-13 მოიერიშე დანაყოფს საკუთარი ტელეგრამ არხიც აქვს. მას ხელმძღვანელობს კსკ ვაგნერის ამავე სახელწოდების დანაყოფის ყოფილი მეთაური, ზედმეტსახელად რუსიჩი. სწორედ მის საპატივსაცემოდ ამ ჯგუფს "რუსიჩებსაც" უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ამ დანაყოფთან არაფერი აქვს საერთო ნეონაცისტი ალექსეი მილჩაკოვის დივერსიულ-მოიერიშე ქვედანაყოფის ჯგუფ რუსიჩს, რომელიც ასევე კსკ ვაგნერის შემადგენლობაში შედიოდა.

18 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეოში რუსიჩი ამბობდა, რომ ის კსკ ვაგნერში 2016 წელს გაწევრიანდა, თავდაპირველად სნაიპერი იყო და შემდეგ მეთაურობასაც მიაღწია. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ვაგნერის ჯგუფმა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები დატოვა, მისი დანაყოფი აფრიკაში გაგზავნეს. რუსიჩის თქმით, 2024 წლის თებერვალში ამ კონტინენტზე მისმა დანაყოფმა დავალება სრულად შეასრულა და მათ რუსეთში დაბრუნება დაიწყეს. როგორც თავად ამბობს, მე-13 დანაყოფის სამხედროების ნაწილის გამოყვანა "გარკვეული გარემოებების გამო" ვერ მოესწრო. რამდენიმე თვის შემდეგ, ივლისში კი სწორედ ისინი გახდნენ მალიში მეამბოხეების ჩასაფრების მსხვერპლები. 

"ახლა ჩვენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს რიგებში ვბრუნდებით." – ამბობდა რუსიჩი 18 სექტემბრის ვიდეოში.

მე-13 მოიერიშე დანაყოფის მეთაური რუსიჩი

ისტრის ბატალიონის Вконтакте-ში გამოქვეყნებულ რეკრუტინგის პოსტებში ნათქვამია, რომ მოქმედებს ე.წ. "ამბრელას" პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ კსკ ვაგნერში შეიქმნა. როგორც პროპაგანდისტული და იმპერიალისტური მედია ცარგრადი 2023 წლის დეკემბერში წერდა, ეს პროექტი განკუთვნილი იყო ვაგნერის ჯგუფში აყვანილი იმ მოხალისეებისთვისა და პატიმრებისთვის, ვინც ან აივ ინფიცირებული, ან C ჰეპატიტით დაავადებული იყო. როგორც პროპაგანდისტული მედია წერდა, მაშინ ამ პროექტში მოხვედრილი ადამიანები სამხედრო მომზადებას არ გადიოდნენ და პირდაპირ ფრონტის ხაზზე უშვებდნენ. მსგავს სამხედროებს პრიგოჟინი სოლედარისა და ბახმუტის ასაღებად საზარბაზნე ხორცად იყენებდა.

ვაგნერის ბედი

ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ ვაგნერის ჯგუფის ორიგინალმა სტრუქტურამ ძალაუფლების დაკარგვა და ეტაპობრივი დასუსტება დაიწყო.

პრიგოჟინის სიკვდილიდან მცირე ხნის შემდეგ, 2023 წლის სექტემბერში ვლადიმირ პუტინი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, იუნუს-ბეკ ევკუროვსა და კსკ ვაგნერის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენელს, ანდრეი ტროშევს შეხვდა. სასაუბრო თემას "მოხალისეობრივი ფორმირებების" საკითხი წარმოადგენდა. ცხადი იყო, რომ კრემლში ვაგნერის პოტენციალის შენარჩუნება სურდათ, თუმცა ამავდროულად იმასაც ხვდებოდნენ, რომ ამ სისტემის რესტრუქტურიზაცია საჭირო იყო. სწორედ ამისთვის მათ გამოადგებოდათ კსკ-ს შტაბის მეთაურის, ანდრეი ტროშევის გამოცდილება. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ყოფილი ვაგნერელების დაქირავება რუსეთის დაზვერვის გენერალური სამმართველოს (ГРУ) მიერ კონტროლირებულმა კსკ რედუტმა დაიწყო.

ვლადიმირ პუტინი, იუნუს-ბეკ ევკუროვი და ანდრეი ტროშევი, კრემლის მიერ გავრცელებული ფოტო

პარალელურად, ევკუროვი აფრიკული ტურნე დაიწყო, რათა ამ კონტინეტზე კსკ ვაგნერის გავლენები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩაენაცვლებინა. ის ლიბიას, ბურკინა-ფასოს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის ესტუმრა. მან ჩამოაყალიბა აფრიკული კორპუსი, რომელშიც სხვებთან ერთად ყოფილი ვაგნერელებიც გაწევრიანდნენ.

თანდათან ვრცელდებოდა ცნობები, რომ ზოგიერთი ვაგნერელი ჩეჩნურ სპეცრაზმ ახმატში წევრიანდებოდა. საბოლოოდ კი 2024 წლის 6 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 3 000 ვაგნერელთან ერთად კადიროველებს კსკ-ს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეთაური, რატიბორის სახელით ცნობილი ალექსანდრ კუზნეცოვი შეუერთდა. ამ ფაქტმა იმ ვაგნერელების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც ევგენი პრიგოჟინისა და ჯგუფის უკვე დაღუპული მთავარი სამხედრო მეთაურის, დმიტრი ვაგნერ უტკინის ერთგულები რჩებოდნენ. აჟიოტაჟის მიზეზი კადიროველებსა და ვაგნერელებს შორის რამდენიმე თვით ადრე მომხდარი დაპირისპირება იყო. მომავალში ახმატის შემადგენლობაში გამოჩნდა რამდენიმე რაზმი, რომლებსაც ყოფილი ვაგნერელები მეთაურობდნენ. 19 აგვისტოს გავრცელებულ ცნობაში ნათქვამი იყო, რომ კურსკში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე ერთიანდებოდნენ აიდის ჯგუფი (ვაგნერის ყოფილი მე-2 და მე-6 მოიერიშე დანაყოფების წევრები), პიტერსკის ჯგუფი (ყოფილი 1-ელი მოიერიშე დანაყოფი) და კაშტანის ჯგუფი (ასევე ცნობილი, როგორც ქვედანაყოფი კამერტონი, ყოფილი მე-3 მოიერიშე დანაყოფის წევრები). ახმატის შემადგენლობაში მყოფი ყოფილი ვაგნერელები კურსკის ოლქში ბრძოლას აგრძელებენ. თავად რატიბორი, სავარაუდოდ, კვლავ ჩეჩნურ სპეცრაზმთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას აგრძელებს.

ამას გარდა, კსკ ვაგნერის წევრების ნაწილი კვლავ ბელარუსში რჩება. ისინი იქ სამხედროებს წვრთნიან. ვაგნერელები ბელარუსში აჯანყების ჩავარდნის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით აღმოჩნდნენ. 

რაც შეეხება უშუალოდ პრიგოჟინის მემკვიდრეობას, ის მის ახალგაზრდა შვილს, პაველს ჩაბარდა. მედიებში გავრცელდა ცნობა, რომ ოლიგარქის ვაჟი კსკ-ს საქმიანობის გაგრძელებას შეძლებდა, თუმცა როსგვარდიის მფარველობის ქვეშ. როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, ფორმალურად ეს გადაწყვეტილება არ გაფორმებულა, თუმცა ვაგნერელები საკუთარ სამუშაოს აგრძელებენ, მაგალითად ცენტნრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც მათ დიდი გავლენები ჰქონდათ.

ბოლო თვეებში ცნობილი გახდა, რომ კსკ ვაგნერი აქტიურად მონაწილეობს მალიში სამთავრობო ძალებსა და აჯანყებულებს შორის არსებულ დაპირისპირებაში. მათ მძიმე დანაკარგებიც მიიღეს. ივლისის ბოლოს რუსი დაქირავებული სამხედროების ჯგუფი აზავადის მოძრაობისა და ალ-კაიდას ადგილობრივი განშტოების ალიანსის ჩასაფრებაში მოხვდა. დაიღუპა ათობით ვაგნერელი, მათ შორის ცნობილი ტელეგრამ-არხი GREY ZONE-ის ადმინისტრატორი. ამას გარდა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გავრცელდა ცნობა, რომ მეამბოხეებმა კსკ ვაგნერის მე-9 მოიერიშე დანაყოფის მეთაური, მიხაილ მაიკლ პრიხოდკო მოკლეს.

რუსეთში კერძო არმიებისა და მოხალისეობრივი შენაერთების რესტრუქტურიზაციის პროცესი გრძელდება. ამის კიდევ ერთი მაგალითია ის ცნობა, რომელიც 28 აგვისტოს გავრცელდა. ოკუპირებული ზაპოროჟიეს ე.წ. გუბერნატორი, ევგენი ბალიცკი წერდა, რომ მისი და როსკოსმოსის ყოფილი მეთაურის, სენატორი დმიტრი როგოზინის იდეით შეიქმნა "ახალი ტიპის მოხალისეობრივი ქვედანაყოფი" - БАРС-САРМАТ.

უკვე 16 ოქტომბერს როგოზინი ირწმუნებოდა, რომ მას უკავშირდებოდნენ სხვადასხვა კსკ-ებისა და დანაყოფების სამხედროები, რომლებმაც კონტრაქტით განსაზღვრული ვადა ამოწურეს, თუმცა უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებას აპირებდნენ. როგოზინი ამბობდა, რომ მათ აინტერესებდათ, შეეძლოთ თუ არა БАРС-САРМАТ-ში საკუთარი "ისტორიული სახელებით" გაწევრიანება.

"პირდაპირ დადებითად გიპასუხებთ. დიახ, თუ მზად ხართ თქვენი ჯგუფით შემოგვიერთდეთ, თუ გაგაჩნიათ ჩვენი მოთხოვნილებების შესაბამისი კვალიფიკაცია და საბრძოლო გამოცდილება, თქვენს ქვედანაყოფს (რაზმს, ასეულს, ცენტრს...) შეეძლება საკუთარი სახელის შენარჩუნება იმის გაგებით, რომ БАРС-САРМАТ-ის მებრძოლად და სამხედრო სპეციალისტად გახდომით თქვენ იღებთ ჩვენი საბრძოლო ოჯახის ამ საერთო სახელს - სარმატს." – დაწერა ტელეგრამ-არხზე როგოზინმა, რომელმაც პოსტს კსკ ვაგნერის შევრონების ფოტოებიც დაურთო.

ერთ-ერთ ფოტოში ჩანდა რუსი სამხედროების ჯგუფი დათვების შევრონიც. სწორედ ამ დანაყოფმა რამდენიმე დღეში საკუთარ ტელეგრამ-არხზე БАРС-САРМАТ-ის რეკლამირება დაიწყო. ამ რუსული ჯგუფის წევრები საკუთარ თავს სპეციალური დანიშნულების 81-ე ბრიგადა დათვებს, ან ზოჰჯერ Bear Jedi Corps-საც უწოდებენ. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბურკინა-ფასოში იყვნენ განთავსებული. დათვების რუსი სამხედროები აფრიკიდან საკუთარ ბაზაზე, ანექსირებულ ყირიმში მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც უკრაინამ კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები დაიწყოThe New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს ჯგუფი აფრიკულ კორპუსში შედიოდა.

ვაგნერის ჯგუფის წევრები მალიში, 2024 წლის ივლისი

კომენტარები