გამოცემა Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" ყოფილმა მებრძოლებმა ორგანიზაციის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის შვილის, პაველ პრიგოჟინის ხელმძღვანელობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში "ნარკოტიკების იმპერია" შექმნეს და ნარკოვაჭრობით არიან დაკავებულები. WSJ აღნიშნავს, რომ მებრძოლების საქმიანობას ვერც კრემლი და ვერც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებს.
WSJ-ის მიხედვით, "ვაგნერის" 500 ყოფილი მებრძოლის საყრდენი ტერიტორია მდინარე უბანგის ზემოწელია, საიდანაც მათ ცარ-ში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ნარკოტიკები შეაქვთ - ყოფილი "ვაგნერელების" შემოსავლის ძირითადი წყარო ოპიოიდი ტრამადოლია, რომელიც ჩვეულებრივ ტკივილგამაყუჩებელია, თუმცა მაღალ დოზებში სტიმულანტივით მოქმედებს და დამოკიდებულებას იწვევს. როგორც გამოცემა წერს, ტრამადოლით ვაჭრობაზე კონტროლი "ვაგნერს" საშუალებას აძლევს, რომ ქვეყნის ხეტყითა და ოქროს საბადოებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გლობალური ინიციატივის (GI-TOC) შეფასებით, "ვაგნერი" ცარ-ში ოქროს უკანონო ექსპორტით ყოველწლიურად 180 მილიონ დოლარს მოიპოვებს.
გამოცემის თანახმად, ტრამადოლი ქვეყანაში შემავალ კონტრაბანდას შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქონელია. WSJ მკვლევრებსა და ვაჭრებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამადოლის დიდი ნაწილი ინდოეთში იწარმოება, საიდანაც ფარმაცევტული კომპანიები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გზავნიან - გამოცემის მიხედვით, ხშირად გზავნილები სტანდარტული დოზის აბებად არის რეგისტრირებული, თუმცა ტვირთში მაღალი დოზის შემცველი აბებიც არის დამალული. ცარ-ში ტრამადოლის მაღალი დოზის აბები სწორედ კონგოდან შედის.
GI-TOC-ის მიხედვით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შემავალი ტრამადოლი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა ბაზარზე იყიდება, არამედ შემდგომ აფრიკის სხვა ქვეყნებშიც ექსპორტირდება, ხოლო ნარკოვაჭრობით მიღებული შემოსავალი "ვაგნერს" საკუთარი ძალებისთვისა და შეიარაღებული დაჯგუფებების ქსელისთვის დამატებითი შეიარაღების შესყიდვის საშუალებას აძლევს.
რუსეთში ევგენი პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ "ვაგნერის ჯგუფი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ქვედანაყოფმა აფრიკულმა კორპუსმა ჩაანაცვლა. WSJ აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობამ კსკ "ვაგნერის" საქმიანობის დიდი ნაწილის ჩანაცვლება და ათვისება შეძლო, თუმცა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეს რთული გამოდგა "ნაწილობრივ მისი ფარდობითი სიშორისა და იმის გამო, თუ რამდენად აქვთ ფესვები გამდგარი ჯგუფის ნარჩენებს ქვეყანაში".
პენტაგონში შემავალი კვლევითი დაწესებულების, "აფრიკის ცენტრი სტრატეგიული კვლევებისთვის", მიხედვით, "ვაგნერელებმა" ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო ფაქტობრივად ხელში ჩაიგდეს. WSJ წერს, რომ მებრძოლები ქვეყნის ეროვნულ არმიაში, ასევე ადგილობრივ საბრძოლო ერთეულებში არიან ინტეგრირებულები.
როგორც გამოცემასთან საუბრისას ამჟამად ევროპაში მცხოვრებმა ყოფილმა "ვაგნერელმა" თქვა, დაქირავებული მებრძოლების გავლენა ქვეყანაში იმდენად დიდია, რომ ისინი ტრამადოლს პრეზიდენტის ელიტარულ გვარდიას აწვდიან, ახალგაზრდულ დანაყოფს, რომელიც ასევე ცნობილია სახელით "ზვიგენები".
WSJ ასევე აღნიშნავს, რომ "ვაგნერი" თავის მებრძოლებს სამხედრო შეტაკებამდე ტრამადოლს აწვდის, რათა აგრესია გააძლიეროს და შიში დათრგუნოს. პარალელურად, როგორც გამოცემა წერს, ტრამადოლს "ვაგნერის" ოქროს საბადოების მაღაროელებიც მოიხმარენ, რათა უფრო მეტი ხნის განმავლობაში მუშაობა მოახერხონ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანონიმურმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ "ვაგნერელებს" თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს ცარ-ის შედარებით მცირე სტრატეგიული მნიშვნელობა და ის გარემოება, რომ ქვეყანა ფარდობითად იზოლირებულია. მანვე დაამატა, რომ "ვაგნერელებს" ქვეყანაში უფრო მარტივი ამოცანები აქვთ.
"მისია იქ ასევე უფრო სწორხაზოვანია, ვიდრე სხვა ადგილებში, სადაც ვაგნერს უჭირდა, მაგალითად მალიში ან მოზამბიკში, სადაც ISIS-თან აფილირებული ძალების მხრიდან რეალური უშიშროების საფრთხე არსებობს". - თქვა წყარომ WSJ-სთან საუბრისას.




