ვაგნერის ჯგუფი

ვინ არის დმიტრი სიტიი, რომელიც აფრიკაში ვაგნერის ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს

დმიტრი სიტიი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სარდლობის მეთაურთან, ბანგი, 2020.
The Wall Street Journal

როგორც ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, მას შემდეგ, რაც კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნას ემსხვერპლა, აფრიკაში ჯგუფის გავლენების დაუფლებაზე არსებულ დაპირისპირებაში პირდაპირ ჩაერთო დმიტრი სიტიი. 

დმიტრი სიტიი დაახლოებულია ცენტრალური აფრიკის პოლიტიკოსებთან. თავად ცხოვრობს ქვეყნის დედაქალაქში, ბანგიში, პრეზიდენტის ყოფილი ოფისის ძვირადღირებულ შენობაში, რომლის გარშემოც ახლა სამხედრო ბაზაა, სადაც ვაგნერელები არიან განთავსებული. სიტიი ქალაქში გადაადგილდება უნომრო ავტომობილით გადაადგილდება ხოლმე. ის ასევე პერიოდულად ხვდება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს, მაღალჩინოსნებს. ზოგჯერ მოგზაურობს მეზობელ ქვეყნებშიც, კამერუნსა და ჩადში. მცირე ხნის წინ მედიაში გამოჩნდა ფოტოები, რომლებშიც ჩანან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებთაც აცვიათ მაისურები, რომლებზეც სიტიია გამოსახული.

 INFO TI KODRÔ

WSJ ხაზს უსვამს, რომ ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რამდენი ხნით შეინარჩუნებს სიტიი ამ ძალაუფლებას. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვაგნერის პარტნიორ ქვეყნებს აფრიკაში უთხრეს, რომ ჯგუფს უფრო მკაცრად გააკონტროლებდნენ. ამ კონტინენტზე სხვა რუსული კერძო სამხედრო კომპანიები ცდილობენ, რომ სარგებელი ნახონ, მას შემდეგ, რაც პრიგოჟინი მოკვდა. მათი დამფუძნებლები არიან ოლიგარქები და ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებული პირები. როგორც WSJ წერს, მსგავსი ჯგუფების წარმომადგენლები თან ახლდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობას, რომელიც აფრიკაში პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ გაგზავნეს.

WSJ ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ სიტიის არ აქვს საკმარისი კავშირები კრემლთან, რაც ვაგნერს აფრიკელ ლიდერებთან კომუნიკაციასა და სარგებლის მოპოვებაში ეხმარებოდა. ამას გარდა, მისი კავშირები პრიგოჟინთან აჩენს კითხვებს ახალი ფაქტობრივი უფროსის ერთგულებასთან დაკავშირებით.

WSJ-მ სიტიისთან დაკავშირებული მასალა ათობით წყაროს ნაამბობის საფუძველზე მოამზადა. მათ შორის იყვნენ ვაგნერის ბიზნესპარტნიორები, აფრიკელი პოლიტიკოსები, მოქმედი და ყოფილი უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები. თავად სიტიი WSJ-ს კომენტართან დაკავშირებულ თხოვნას არ გამოეხმაურა.

სიტიი პარიზში, ბიზნეს-სკოლაში სწავლობდა. მან კარგად იცის რამდენიმე ენა: რუსული, ინგლისური, ესპანური და ფრანგული. ის წლების განმავლობაშ ჩართული იყო აფრიკაში ვაგნერის პროპაგანდის გავრცელებითა და ჯგუფის ბიზნესსაქმიანობაში. WSJ-სთან ადამიანებმა, რომლებსაც ვაგნერის ბიზნესოპერაციების შესახებ ინფორმაცია გააჩნდათ, თქვეს, რომ სიტიი ზედამხედვლობდა კომპანიების ქსელს, რომლებსაც ოქროს, ალმასების, ხე-ტყისა და სხვა დაუმუშავებელი რესურსების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან საექსპორტოდ იყენებდნენ. ამას გარდა, წყაროები ამბობენ, რომ ის არის ვაგნერის დაფინანსებული გარკვეული მედიების დირექტორი. ეს მედიები ავრცელებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას.

სიტიი აშშ-ს და ევროკავშირის სანქცირებულ პირთა სიაში შედის.

ევროპული დაზვერვის სამსახურების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები WSJ-სთან ამბობენ, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ფოსტენ არშანჟ ტუადერა პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ მოსკოვს დაუკავშირდა და შეატყობინა სურვილი, რომ სიტიი და ვაგნერის სხვა ხანგრძლივი თანამშრომლები მის ქვეყანაში დაეტოვებინათ, რადგან მათი გაყვანა აჯანყებულ ჯგუფებთან ბრძოლაში ხელს შეუშლიდა. ცარ-ის პრეზიდენტის სპიკერმა WSJ-ს კომენტართან დაკავშირებულ თხოვნაზე არ უპასუხა.

ვაგნერის ოპერაციებთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ სიტიის გამოსახულებიანი მაისურები ბანგიში პირველად გასული წლის ბოლოს ჩაიტანა მისივე ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა რუსულმა კულტურულმა ცენტრმა. ეს ის პერიოდი იყო, როცა სიტიიმ მიიღო გზავნილი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ეს მაისურები ბანგიში მოქალაქეებს მცირე ხსნის წინ ეცვათ.

სიტიიმ სექტემბრის დასაწყისში ინტერვიუ მისცა რუსულ მედია Pravda-ს. ის ამბობდა, რომ რუსეთისთვის მუშაობას აგრძელებდა. პრიგოჟინის სიკვდილთან დაკავშირებით თქვა: "მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და იხტიბარი არ გავიტეხოთ". მისი თქმით, თუ რუსეთს რეგიონში მისი მსგავსი პირები აღარ ეყოლება, მოსკოვთან დაკავშირებულ ქსელს საფრთხე შეექმნება. ამავე ინტერვიუში სიტიიმ თქვა, რომ, გასულ წელს მომხდარი აფეთქების შედეგად, დაუზიანდა მკერდი და სამი თითი დაკარგა. მაშინ პრიგოჟინი თავდასხმას საფრანგეთს აბრალებდა. სიტიის თქმით, მისი ოჯახის წევრები იღებდნენ მუქარის შემცველ წერილებს, რომ რუსეთს აფრიკა უნდა დაეტოვებინა და გზა საფრანგეთისთვის დაეთმო. მსგავს ინფორმაციას ირწმუნებოდა პრიგოჟინიც, თუმცა საფრანგეთმა შემთხვევასთან კავშირი უარყო. სიტიიმ რუსეთში იმკურნალა.

აფეთქების შედეგად დაშავებული სიტიი

ცენტრალურ აფრიკაში ვაგნერთან დაკავშირებული რუსი "მკვლელობის მცდელობის" შედეგად დაშავდა

როგორც სიტიი ინტერვიუში ირწმუნებოდა, ის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში თარჯიმნად ჩავიდა, 2018 წელს კი ქვეყანაში დაპირისპირებულ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჯგუფში ჩართეს.

სიტიის საფრანგეთში ჰყავს ყოფილი ცოლი და შვილი. ის სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ვაჭრობას სწავლობდა, სანამ პარიზში მარკეტინგსა და ბიზნესში მაგისტრის ხარისხს მიიღებდა. 

სიტიი 2015 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარ რეზიუმეში, რომელიც მან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, ეწერა: "ძალიან მაინტერესებს მუშაობა საერთაშორისო კომპანიაში, თანამედროვე ტექნოლოგიის სფეროში, რაც, საინტერესო დავალებებით, იქნება გამოწვევა ჩემი შესაძლებლობებისთვის და კომპეტენციისთვის". აშშ-ს ხაზინის ინფორმაციით, სიტიი პრიგოჟინის კომპანიამ, სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებულმა "ტროლების ქარხანამ", ინტერნეტის კვლევის სააგენტომ დაიქირავა.

როგორც WSJ წერს, სიტიის პირველი სამუშაო ცარ-ში იყო თარჯიმნობა მათთვის, ვინც პრიგოჟინის ერთ-ერთი კომპანიისთვის, ახლა უკვე სანქცირებული M Invest-ისთვის მაღაროებს ეძებდა. რამდენიმე თვეში, სიტიიმ ცარ-ში ვაგნერის პირველი კომპანია დაარეგისტრირა - Lobaye Invest-ი, რომელსაც მოპოვებული ჰქონდა ოქროსა და ალმასის მოპოვების უფლება.

სიტიიზე საფრანგეთის საგარეო მინისტრის კომენტარის გამო, რუსეთმა საფრანგეთის ელჩი გამოიძახა

ევროკავშირის მონაცემებით, Lobaye აფინანსებდა რადიოსადგურს, რომელიც ავრცელებდა ანტიდასავლურ და პრორუსულ პროპაგანდას, ამას გარდა რეკლამას უკეთებდა ვაგნერთან დაკავშირებული წარმოების არაყსა და ლუდს ცენტრალურ აფრიკაში. ამის შემდეგ აშშ-მ და ევროკავშირმა კომპანია დაასანქცირეს.

სიტიი ცარ-ში დაუახლოვდა ჰასან ბუბას, აჯანყებულთა ლიდერს, რომელიც შემდეგში მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი გახდა. მისი მებრძოლები ვაგნერის მოქირავნეებთან ერთად ასრულებდნენ საბრძოლო მისიებს. ამას გარდა, სიტიი დაუახლოვდა პრეიზდენტი ტუადერას უსაფრთხოების მრჩეველს, ფიდელ გუანდჯიკას. ეს უკანასკნელი ერთ-ერთ ინტერვიუში რუს ბიზნესმენს ერთ-ერთ "ძალიან კარგ მეგობარს" უწოდებდა.

სიტიი 2021 წელს გახდა ბანგიში რუსული სახლის დირექტორი. ამ ორგანიზაციის მიზანი ცარ-ში რუსული კულტურული ღირებულებების გავრცელება იყო. მალევე ბანგიში გაიხსნა ვაგნერის ლუდსახარშიც, რომლის კონკურენტის საწარმოც, სავარაუდოდ, თავად მოქირავნეებმა გადაწვეს.

პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ, სიტიიმ თავი საჯაროდ დააკავშირა თავი ვაგნერის დამფუძნებელთან და თქვა: "გავაგრძელებთ მუშაობას და გავაგრძელებთ ჩვენი ყველა პროექტის განხორციელებას ევგენი პრიგოჟინის ლიდერობით. მასთან ერთად გვექნება შედეგი".

როგორც WSJ წერს, სიტიი პრიგოჟინს აფრიკაში მოწყობილი ბოლო ვიზიტის დროს თან ახლდა. ისინი ერთად დაესწრნენ რუსულ სახლში ჩატარებულ ღონისძიებას.

WSJ-ს ცნობით, პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ, სიტიი ცდილობს, რომ ვაგნერის დამფუძნებლის მემკვიდრეობა კონტინენტზე შეინარჩუნოს, როგორც ამაზე მედიასთან მოქირავნეთა ბიზნესპარტნიორებმა და ევროპული უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნებმა თქვეს. წყაროების ცნობით, ის იყო ჩასული კამერუნში, ქალაქ დუალაში, რომელიც ცარ-იდან ვაგნერის საქონლის მთავარი გასავალი გზაა. ამას გარდა, ამ ქალაქშია დაფუძნებული პრორუსული ტელევიზია - Afrique Média, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება პრიგოჟინს უკავშირებდა. 

WSJ-ს ტექსტში აღნიშნულია, რომ ნდასიმას ოქროს მაღარო, რომელიც ცარ-ში ვაგნერისთვის ოქროს ერთ-ერთი მთავარი წყაროა, სატელიტური ფოტოების მიხედვით, კვლავ მოქმედია.

კომენტარები