ვაგნერის ჯგუფი

ვინ არის ანდრეი ტროშევი, რომლითაც პუტინს ვაგნერში პრიგოჟინის ჩანაცვლება სურს

13 ივლისს რუსულმა მედია Коммерсантъ-მა გამოაქვეყნა ნაწყვეტი ვლადიმირ პუტინთან საუბრიდან. კორესპონდენტი ანდრეი კოლესნიკოვი პუტინს ევგენი პრიგოჟინსა და ვაგნერელებთან შეხვედრაზე ესაუბრა. როგორც გამოცემა წერს, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეხვედრის დროს ვაგნერის ჯგუფს შესთავაზა სამსახური გაეგრძელებინათ, საკუთარი სამხედრო ლიდერის, ზედმეტსახელად სედოის (რუს. ჭაღარა) ხელმძღვანელობით.

სედოის ზედმეტსახელით ცნობილია ანდრეი ტროშევი – ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც ბოლო წლებში ვაგნერის ჯგუფთან იყო დაკავშირებული. როგორც კომერსანტი წერს, ბოლო 16 თვე კერძო სამხედრო კომპანიას უკრაინაში სწორედ სედოი უძღვებოდა. 

ტროშევი სანქცირებულია ევროკავშირის მიერ. ევროკავშირის დოკუმენტებში, 2021 წელს ის ნახსენები იყო როგორც "ვაგნერის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი (შტაბის მეთაური)" და ჯგუფის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. EU-ს დოკუმენტებში ასევე ნათქვამი იყო, რომ "ანდრეი ტროშევი პირდაპირ იყო ჩართული სირიაში ვაგნერის ჯგუფის ოპერაციებში... კერძოდ ჩართული იყო დეირ ალ-ზორის რაიონში" და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისგან სარგებელს იღებდა.

ვაგნერის აღმასრულებელ მეთაურად სედოი ნახსენები იყო დიდი ბრიტანეთის სირიასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების დოკუმენტებშიც.

როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, ტროშევი დაიბადა 1962 წლის 5 აპრილს, ლენინგრადში, ანუ დღევანდელ სანქტ-პეტერბურგში, თუმცა დასავლეთის სანქციების დ ოკუმენტებში მისი დაბადების თარიღად მითითებულია 1953 წლის 5 აპრილი. უცნობია თუ რატომ.

ტროშევი, რუსული წყაროების მიხედვით, სკოლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის უმაღლეს სამხედრო საარტილერიო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომლის დამთავრების შემდეგაც სხვადასხვა საარტილერიო ნაწილებში სამეთაურო მოვალეობაზე მსახურობდა. ის იბრძოდა ავღანეთში საბჭოთა კავშირის ინტერვენციის დროს და აქ მიიღო წითელი ვარსკვლავის ორი ორდენი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მან სამსახური გააგრძელა რუსეთის ფედერაციის შეარაღებულ ძალებში, შემდეგ კი შინაგან საქმეთა ორგანოებში გადავიდა. იყო სპეციალური დანიშნულების მილიციის დანაყოფის (ОМОН) თანამშრომელი. მეთაურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოს ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის სწრაფი რეაგირების სპეციალურ დანაყოფის (СОБР). სამსახური მილიციის პოლკოვნიკის წოდებით დაასრულა.

ტროშევმა 2016 წელს, როცა უკვე პენსიაზე იყო გასული, მიიღო რუსეთის გმირის ორდენი, როგორც ცნობები ამბობენ, სირიაში ქალაქ პალმირის შტურმისთვის. 

2017 წელს გავრცელდა ცნობა, რომ ტროშევი საავადმყოფოში ალკოჰოლურ კომაში მყოფი მოხვდა.

ვაგნერის გარდა, როგორც ჩანს, ტროშევი ხელმძღვანელობდა ლოკალური ომებისა და სამხედრო კონფლიქტების ვეტერანთა ინტერესების დაცვის ლიგას. პრიგოჟინის პრესსამსახური ტროშევის განცხადებებს სწორედ ამ წოდებით აქვეყნებდა. ეს ორგანიზაცია პირდაპირ კავშირში იყო ვაგნერის ჯგუფთან, მათი ლოგოს სიმბოლიკაც კი იგივე იყო.

ტროშევმა მიმდინარე ომის დროს რამდენიმე განცხადება გაავრცელა. 2023 წლის იანვარში ის გამოეხმაურა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მრჩეველს, იგორ კიმაკოვსკს, რომელიც ამბობდა, რომ ქალაქ ბახმუტს უკრაინის შეიარაღებული ძალები ალყაში აქცევდნენ. სედოიმ ეს ინფორმაცია უარყო. ის ასევე გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებასაც, თითქოს სოლედარი საკუთარი ძალებით აიღეს. ტროშევი წერდა, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადებას "გაკვირვებული" კითხულობდა და "სოლედარში ერთი მედესანტეც არ იყო". ის ამბობდა, რომ დასახლება მხოლოდ კსკ ვაგნერმა აიღო. აპრილში მან საგამოძიებო პროექტი Gulagu.net-ის წინააღმდეგ საქმის აღძრა მოითხოვა.

2017 წელს მედიაში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ტროშევი და ვაგნერის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ვის ზედმეტსახელსაც ჯგუფი ატარებს, დმიტრი უტკინი პუტინის გვერდზე იდგნენ. ფოტოზე გამოსახული სხვა პირებიც ვაგნერთან იყვნენ კავშირში.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

კომენტარები