პრიგოჟინის ამბოხება

პუტინი Коммерсантъ-ს: კსკ ვაგნერი არ არსებობს, ჯგუფი არის, მაგრამ იურიდიულად არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, 16 ივნისი, 2023.
Alexei Danichev/Photo host Agency RIA Novosti via AP

რუსული მედია Коммерсантъ-ი წერს, რომ მათი კორესპონდენტი, ანდრეი კოლესნიკოვი 13 ივლისს, კონფერენცია მომავლის ტექნოლოგიების პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მეთაურებთან შეხვედრაზე ესაუბრა.

"რა ხდებოდა სინამდვილეში? ყველაფერი ძალიან მარტივი და ცხადია რუსული საზოგადოებისთვის. ვაგნერის რიგითი მებრძოლები ღირსეულად იბრძოდნენ, ასე... ის, რომ ისინი ამ მოვლენებში ჩაითრიეს, სინანულს იწვევს... ასე ვიტყვი, ძალიან აკურატულად... შეხვედრაზე, ერთი მხრივ, შევაფასე ის, რაც ბრძოლის ველზე გააკეთეს, მეორე მხრივ – ის, რაც 24 ივნისის მოვლენების დროს ჩაიდინეს. მესამე – ვაჩვენე მომავალში მათ მიერ სამსახურის გავლის შესაძლო ვარიანტები, მათ შორის საბრძოლო გამოყენებით. ეს არის და ეს". – უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა ხდებოდა ვაგნერელებთან შეხვედრაზე სინამდვილეში.

პუტინმა კომერსანტთან საუბრის დროს თქვა, რომ კსკ ვაგნერი იურიდიულად არ არსებობს, რადგან რუსეთში კერძო სამხედრო ორგანიზაციებზე კანონი არ აქვთ.

"ასე ვთქვათ, კსკ ვაგნერი არ არსებობს! ჩვენ ხომ არ გვაქვს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციებზე! უბრალოდ არ არსებობს!... ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს... ჯგუფი არის, მაგრამ იურიდიულად არ არსებობს! ეს ცალკე საკითხია, დაკავშირებული რეალურ ლეგალიზაციასთან. მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც სახელმწიფო დუმაში უნდა განიხილონ, ხელისუფლებაში. რთული საკითხია". – უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ვაგნერი, როგორც საბრძოლო ერთეული, კვლავ არსებობს.

ამას გარდა, პუტინმა ჟურნალისტთან ვაგნერის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრას 35 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ერთ-ერთი მეთაური, რომლის ზედმეტსახელიცაა სედოი, რომელიც უკრაინაში ვაგნერელებს ბრძოლის ველზე ხელმძღვანელობდა.

"მათ შეეძლოთ ერთ ადგილზე შეკრება და სამსახურის გაგრძელება. მათთვის არაფერი შეიცვლებოდა. მათ უხელმძღვანელებდა იგივე ადამიანი, რომელიც მათი რეალური მეთაური იყო მთელი ამ დროის განმავლობაში... როცა ამას ვამბობდი, ბევრი თავს მიქნევდა. ხოლო პრიგოჟინმა, რომელიც წინ იჯდა და ვერ ხედავდა ამას, თქვა, არა, ბიჭები ასეთ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიანო". – ირწმუნებოდა პუტინი კომერსანტის ინფორმაციით.

27 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საბოლოოდ აღიარა, რომ ვაგნერის ჯგუფს სახელმწიფო აფინანსებდა. რუსული სამთავრობო ტელეარხ Россия 1-ის გადაცემაში პროპაგანდისტი დმიტრი კისელიოვი ამბობდა, რომ ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ ვაგნერის ჯგუფს სახელწმიფოსგან, კონტრაქტების მეშვეობით, აღებული ჰქონდა დაახლოებით 858 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარი). ამას გარდა, კომპანია კონკორდმა, რომელიც ასევე პრიგოჟინს ეკუთვნოდა, 845 მილიარდი რუბლის ღირებულების სამუშაო შეასრულა.

10 ივლისს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ 29 ივნისს ვლადიმირ პუტინი კრემლში ევგენი პრიგოჟინსა და ვაგნერის მეთაურებს 3 საათით შეხვდა.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

კომენტარები