უკრაინამ უარყო ბრალდებები, რომელთა მიხედვითაც ქვეყანამ მალიში აჯანყებულ ტუარეგებს, რომლებიც მალის არმიისა და დაქირავებული რუსი სამხედროების (ვაგნერელების) წინააღმდეგ იბრძვიან, უპილოტო საფრენები აპარატები გადასცა.
რამდენიმე დღის წინ პარიზულმა გამოცემა Le Monde-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტუარეგები აღნიშნული სამხედროების წინააღმდეგ უკრაინული დრონებით იბრძოდნენ და "პირდაპირ სარგებელს იღებდნენ კიევის ფრთხილი, თუმცა ძლიერი მხარდაჭერისგან".
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ქვეყანამ მალის ხუნტას დახმარება შესთავაზა, მალი და მისი მეზობელი სახელმწიფოები, ნიგერი და ბურკინა-ფასო კიევს საჰელში ტერორიზმის მხარდაჭერაში სდებენ ბრალს.
თუმცა, გუშინ, 14 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა "მკაცრად უარყოფს საერთაშორისო გამოცემების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომ მათი სახელმწიფო ჩართულია მალელი აჯანყებულებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაში".
უკრაინის საგარეო უწყებამ ასევე უარყო მალისა და ნიგერის ხელისუფლებების განცხადებები, რომ უკრაინა შეიარაღებასა და ინფორმაციას აწვდიდა ხუნტას, რათა "ტერორისტული კოალიციისთვის დაეჭირა მხარი".
"უნდა დასრულდეს მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც აგრესორი სახელმწიფო რუსეთის პროპაგანდის ყალბ ნარატივებს იმეორებს", - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისთვის, ივლისში მალიში აზავადის მოძრაობების კოორდინაციის ტუარეგმა წევრებმა და ისლამისტებმა კსკ ვაგნერის ჯგუფს ჩასაფრება მოუწყვეს. ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხების შეფასებით, მოკლეს 23-მდე სამხედრო. მათივე ცნობით, 2-5 მებრძოლი ტყვედ აიყვანეს.
მალევე, მედიაში გავრცელდა ფოტო, რომელშიც აჯანყებული ტუარეგები უკრაინის დროშით პოზირებდნენ. ამას გარდა, 29 ივლის უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა თქვა, რომ ტუარეგ აჯანყებულებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც "რუსი ომის დამნაშავეების" წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციის საწინდარი გახდა.
აგვისტოს დასაწყისში მალიმ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მიზეზი გასულ კვირებში გავრცელებული ცნობაა, რომლის მიხედვითაც უკრაინის სამხედრო დაზვერვა აჯანყებულ ტუარეგებს ინფორმაციით დაეხმარა, რასაც ვაგნერელებისა და მალის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების სიცოცხლე ემსხვერპლა.