სტიქია შოვში

სარჯველაძე: თუ გადარჩა ადამიანი, ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო, უბრალოდ არ ვიცი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ის ირაკლი კობახიძის განცხადებას სტიქიის ზონაში გადარჩენილებთან დაკავშირებით ეთანხმება და, რაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ თქვა, "აბსოლუტურად მართებულია".

სარჯველაძე ამბობს, რომ თუ ადამიანი გადარჩა, განაპირა მხარეს, ტალახის მასაზე რატომ გადავიდა, გაუგებარია. 

"რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, იყო აბსოლუტურად მართებული და არავითარი მიზეზი არ გაქვთ ახლა, რომ რაღაცა ფორმით ინტერპრეტაციების ტირაჟირება მოახდინოთ, რასაც ახლა თქვენ ცდილობთ. თუ გადარჩა ადამიანი, განაპირა მხარეს არის, ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო, არ ვიცი უბრალოდ. შეიძლება, რამე კონკრეტული მიზეზი არსებობს".- თქვა სარჯველაძემ. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის, დავით ჯელაძის მიერ მიერ გავრცელებულ პოსტზე თქვა, რომ ფოტოს დეტალები გასარკვევი და გადასამოწმებელია. კობახიძის მტკიცებით, იმ ადგილას, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ასევე, კობახიძის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს 3 საათი ებრძოდა. კობახიძე ამბობს, რომ ეს წარმოუდგენელი ტყუილია.

კომენტარები