სტიქია რაჭაში

გიო ადამია კობახიძეს: არ განგიცდია, ბავშვით ხელში ხედავდე, როგორ მოიწევს მეწყერი შენკენ

ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია.

დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი. ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს, ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია, ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე, როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის.

შოვში სტიქიას გადარჩენილი გიო ადამია ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება. ადამია მეწყერს შვილთან, თომასთან ერთად ებრძოდა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის, დავით ჯელაძის მიერ მიერ გავრცელებულ პოსტზე თქვა, რომ ფოტოს დეტალები გასარკვევი და გადასამოწმებელია. კობახიძის მტკიცებით, იმ ადგილას, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ასევე, კობახიძის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს 3 საათი ებრძოდა. კობახიძე ამბობს, რომ ეს წარმოუდგენელი ტყუილია.

კომენტარები