სტიქია რაჭაში

ჯელაძე ირაკლი კობახიძეზე: ასეთი შეურაცხყოფა ჩემთვის არასოდეს არავის მოუყენებია

მთის ამბები

შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი მოქალაქე, დავით ჯელაძე მის მიმართ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ჯელაძის თქმით, მისთვის ასეთი შეურაცხყოფა არასოდეს არავის მიუყენებია.

"თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ. ყოველდღე იმის იმედად ვიღვიძებდი, რომ თუ არ დამირეკავდა, ვიღაც გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო. კობახიძის დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა. თურმე, ყველაფერი, რაც მოვყევი და თავს გადამხდა, ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე. ძალიან განერვიულებული და აღელვებული ვარ. ასეთი შეურაცხყოფილი არასოდეს ვყოფილვარ.

ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოდის და ტყუილს ამბობო - რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი [...] ასეთ განცხადებას არ ველოდი. გადარჩენილებზე არანაირი განცხადება რომ არ გაეკეთებინა და საერთოდ არაფერი ეთქვა, ალბათ, ყველაფერს შევეშვებოდი. მაგრამ, ასეთი შეურაცხყოფა ჩემთვის არასოდეს არავის მოუყენებია. ირაკლი კობახიძემ კი მომაყენა და გადარჩენილი ადამიანები გაგვანადგურა. ვერ ვხვდები, მას ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს. ალბათ, არ უნდა, რომ ის საშინელება გასაჯაროვდეს, რაც შოვში ხდებოდა. არ ვიცი". - თქვა დავით ჯელაძემ ტელეკომპანია ფორმულასთან ჩართვის დროს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის, დავით ჯელაძის მიერ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ფოტოს დეტალები გასარკვევი და გადასამოწმებელია, რადგან, მისი განცხადებით, იმ ადგილზე ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

დავით ჯელაძემ Facebook-ზე სტიქიის ზონიდან ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ მან და მისმა დისშვილმა, მაშომ გზა ერთი ნაპირიდან მეორემდე ერთად გაიარეს.

ასევე, კობახიძის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს 3 საათი ებრძოდა. კობახიძე ამბობს, რომ ეს წარმოუდგენელი ტყუილია.

სტიქიის პირველ წუთებში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ბავშვი ღვარცოფს ებრძვის. შოვში გადარჩენილები ამბობდნენ, რომ ისინი ადგილობრივი მოქალაქეების დახმარებით ბავშვის გადარჩენას თითქმის 3 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

მოგვიანებით კი შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, დავით ჯელაძემ სოციალურ ქსელში მისი დისშვილის, ანასტასიას ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ ბავშვი სტიქიას 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა.

 

კომენტარები