სტიქია შოვში

შოვში სტიქიის შედეგად დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის ცხედარი ამოიცნეს

რაჭაში, შოვში სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქე ზაზა მესხის უფროსი შვილის ცხედარი ამოიცნეს. ინფორმაციას მესხის ყოფილი ცოლი ავრცელებს.

"ნაპოვნია და დნმ-ის ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის ერთი შვილის ცხედარი. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით, პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ეს უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭისგან უფროსი". – წერს მესხის ყოფილი ცოლი.

ნიდერლანდებში მცხოვრები ზაზა მესხის ოჯახი 3 აგვისტოს შოვის სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სამაშველო სამუშაოების დროს დაღუპულებს შორის მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა ამოიცნეს. დღემდე დაკარგულად ითვლებიან თავად ზაზა მესხი და 2 შვილი.

ამ დრომდე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 27 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათგან 25-ის ვინაობა დადგენილია. სტიქიის ზონაში მაშველები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

კომენტარები