სტიქია რაჭაში

კობახიძე შოვზე: წარმოუდგენელი ტყუილია, რომ ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის, დავით ჯელაძის მიერ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ფოტოს დეტალები გასარკვევია, რადგან, მისი განცხადებით, იმ ადგილზე ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ჯელაძემ Facebook-ზე სტიქიის ზონიდან ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ მან და მისმა დისშვილმა, მაშომ გზა ერთი ნაპირიდან მეორემდე ერთად გაიარეს.

"ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა რატომ იყო საჭირო, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ უფრო უსაფრთხო იმ ნაპირზე დარჩენა იყო. ჩვენ იმავე ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, ეს ყველაფერი გადასამოწმებელია. კიდეებში ღვარცოფული მასის სიმაღლე დაბალი იყო და იქიდან გამოსვლა შესაძლებელი იყო. მაგრამ, დიდ მასაში მოყოლილი ადამიანების გამოსვლა შეუძლებელი იყო. ამ ფოტოს დეტალები გასარკვევია". - ამბობს კობახიძე.

ასევე, კობახიძის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს 3 საათი ებრძოდა. კობახიძე ამბობს, რომ ეს წარმოუდგენელი ტყუილია.

"იყო სპეკულაციები და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, თითქოს, ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ღვარცოფს ებრძოდა. ეს წარმოუდგენელი ტყუილია. უბრალოდ შეუძლებელია, რომ იქ პროცესები ასე განვითარებულიყო. სტიქია მყისიერი იყო და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც ღვარცოფული მასა მიწვდა, გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ. იმაზე საუბარი, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ ცარიელი ტყუილია". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

სტიქიის პირველ წუთებში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ბავშვი ღვარცოფს ებრძვის. შოვში გადარჩენილები ამბობდნენ, რომ ისინი ადგილობრივი მოქალაქეების დახმარებით ბავშვის გადარჩენას თითქმის 3 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

მოგვიანებით კი შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, დავით ჯელაძემ სოციალურ ქსელში მისი დისშვილის, ანასტასიას ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ ბავშვი სტიქიას 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა.


რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

სტიქიის ზონაში ნაპოვნია 24 ცხედარი, საიდანაც 20 იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანს კვლავ ეძებენ. 

 

კომენტარები