სტიქია შოვში

გუბერნატორი: შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 ცხედრიდან 27 იდენტიფიცირებულია

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები სამი კვირაა მიმდინარეობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს და დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.

რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, ძებნის არეალი გაზრდილია და სამუშაოები ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, ასევე მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში მიმდინარეობს. მისივე თქმით, 29 დაღუპულიდან 27 იდენტიფიცირებულია. 

"უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე ანუ სტიქიის ეპიცენტრში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. 29 დაკარგული მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, 4 დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები. ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27-ის იდენტიფიცირება მოხდა. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, მწვერვალებზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა, ექსპერტთა ჯგუფი არის ამ მონიტორინგში ჩართული".- თქვა პაპუნა მარგველიძემ.

რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყრის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა.

კომენტარები