კელი დეგნანი

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა, რომ არ მიესალმება რუსული გემის შემოსვლას  – დეგნანი

აშშ-ის საელჩო საქართველო

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ბათუმის პორტში რუსი ტურისტების გემის შემოსვლას გამოეხმაურა. 

"რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის რეაქცია იყო. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა ბათუმშიც და სხვა ადგილებშიც, რომ ისინი არ მიესალმებიან ამ გემის შემოსვლას. ყველამ ვიცით, რომ ქართველები სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ მგონია, ვინმეს გაუკვირდეს ან ვინმე უნდა ელოდოს, რომ ქართველები მსგავსად მოექცეოდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც მათი ქვეყანა აქვთ ოკუპირებული, რომლებიც ოჯახებს ერთმანეთისგან აშორებს. შესაბამისად, არ მგონია, ვინმეს გაუკვირდეს, რომ ბევრი ქართველი არ მიესალმა ამ გემის ჩამოსვლას". - თქვა კელი დეგნანმა.

გუშინ, 27 ივლისს ბათუმში მოქალაქეები შეიკრიბნენ პორტში გაჩერებული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-სთან, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები ბათუმში შემოიყვანა. 


როგორც აქამდე იყო ცნობილი, ტურისტების მოგზაურობის ფარგლებში იგეგმებოდა სპეციალური საექსკურსიო ტური და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება.

გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. გავრცელებული ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

გასულ დღეებში გემის ახალი მარშრუტის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა სამთავრობო-პროპაგანდისტულმა არხმა, Россия 1-მა მოამზადა. რუსული პროპაგანდისტული არხის სიუჟეტში ირწმუნებოდნენ, რომ დამატებითი გაჩერება ბათუმის სანაპიროზე რუსი და თურქი ტურისტების მოთხოვნის გამო დაემატა. მათივე თქმით, "მგზავრებს არ მოუწევთ არანაირი დამატებითი დოკუმენტების გაფორმება". 

25 ივლისს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომელშიც დაადასტურეს, რომ Astoria Grande ბათუმის პორტში შევიდოდა, თუმცა აღნიშნეს, რომ ხომალდი სანქცირებული არაა. განცხადებაში ნახსენები არ იყო, რომ ხომალდი სოჭის პორტიდან გამოდიოდა.

"გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-იშემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება". – ნათქვამი იყო განცხადებაში. 

Astoria Grande-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, კიდევ ერთი რეისის დაწყება 29 ივლისს იგეგმება. ამ რეისის ფარგლებში ლაინერი ბათუმის პორტში მეორედ შესვლას უკვე 31 ივლისს გეგმავს.


სოჭის პორტის ადმინისტრაცია 2023 წლის იანვარში ამბობდა, რომ რომ საქართველოსთან და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ მათ პორტებში მიმოსვლა დაწყებულიყო. სოჭის პორტის დირექტორმა, იური ვლადიმიროვმა მაშინ აღნიშნა, რომ მგზავრობების დაწყებას 2023 წლის ზაფხულისთვის აპირებდნენ. ამ სიტყვებს შემდეგში გამოეხმაურა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელმაც აღნიშნა, რომ "უცნობია, რაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია".

ამას გარდა, 22 ივლისს გავრცელებული ცნობის მიხედვით, ახალი რუსული საკრუიზო გემის "პეტრე დიდის" საერთაშორისო მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს. რუსული მედია вестник кавказа წერდა, რომ გემი მგზავრობას 2023 წლის აგვისტოში დაიწყებდა.

კომენტარები