კელი დეგნანი

დეგნანი გვარამიაზე: პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის მართლმსაჯულების სისტემას

აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით ისაუბრა

"რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ გადაწყვეტილებით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე გამოხატა შეშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით - დაკავების დროზე, თავად ბრალდებებზე და, რა თქმა უნდა, სასჯელზე. როგორც არაერთხელ ვთქვით, სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის აღქმაც კი, პოლიტიკური ჩარევა ძირს უთხრის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ, რაც ამდენად აუცილებელია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებდით, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს და უფრო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ჩვენ საკმაოდ იმედგაცრუებულები ვართ". - თქვა დეგნანმა.

19 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას ტელევიზია ავრცელებს.

მათი ცნობით, სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.

2022 წლის 16 მაისს, წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

კომენტარები