კელი დეგნანი

დეგნანი კობახიძეზე: ვიზის მისაღებად გამჭვირვალე წესები არსებობს

"ვიზის მისაღებად გამჭვირვალე წესები არსებობს". - ასე ეხმაურება აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ვიზის გაცემასთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.  

"სამწუხაროა, რომ იმედმა აირჩია და არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ამასთან დაკავშირებით. მე გეტყვით, რომ ყოველ წელს ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში, გვაქვს ამის გარდა კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები და სხვადასხვა ასეთი პროგრამები, რომელთა მეშვეობით ქართველები ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან. მაგალითისთვის, გასულ თვეს, ბალეტის ზუსტად 30 მოცეკვავეს მიეცა ვიზები, ისინი აშშ-ში შეასრულებენ ბალეტს. გასულ კვირას მოცეკვავეებს და მომღერლებს მიეცათ ვიზები, რომლებიც მიდიან ამერიკაში, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. არსებობს გარკვეული წესები, ნაბიჯები ვიზის მისაღებად, ეს არის გამჭვირვალე და მოცემულია ჩვენს ვებსაიტზე. ჩვენ, ასევე, ვაძლევთ რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს ვიზის გაცემა, მაგრამ მნიშვნელოვანია ის წესები, რომლებიც ვიზის მისაღებად საჭიროა, იყოს შესრულებული". - თქვა კელი დეგნანმა. 

17 მაისს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აშშ-ის "მკაცრ სავიზო პოლიტიკაზე" ისაუბრა. კობახიძემ მკაცრი სავიზო რეჟიმის მაგალითად ანსამბლი მართვე მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, აშშ-ში ივლისში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა საელჩომ ვიზის გაცემის ვადები ნოემბრამდე გადაწია, რის გამოც ისინი გასტროლებს ვერ დაესწრნენ. კობახიძის თქმით, ამერიკის ელჩი მსგავს საკითხებს უნდა აქცევდეს ყურადღებას და უმჯობესია, თვითონ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც სავიზო რეჟიმის გამარტივებას უკავშირდება. "ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები