საქართველო-რუსეთი

რუსული საკრუიზო გემის "პეტრე დიდის" მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს – вестник кавказа

რუსული გამოცემა вестник кавказа-ს ცნობით, ახალი რუსული საკრუიზო გემის "პეტრე დიდის" საერთაშორისო მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს.

როგორც გამოცემა იუწყება, გემი მოგზაურობას აგვისტოშო დაიწყებს და პირველს რეისს მდინარე ვოლგაზე ვოლგოგრადისა და ასტრახანის გავლით შეასრულებს. სამომავლოდ იგეგმება 20-დღიანი გასვლა საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქმენეთის მიმართულებითაც.  

вестник кавказа-ს ინფორმაციით, "პეტრე დიდის" საერთაშორისო მარშრუტი სამ ზღვას დაფარავს. შავ ზღვაში გემი ნოვოროსიისკში, სოჭში, ბათუმსა და სტამბულში გაჩერდება. 

მედიის ცნობით, საკრუიზო გემი "პეტრე დიდი" რუსეთში აშენდა. მას თავისუფლად 300 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. გემის სტანდარტები 5-ვარსკვლავიან სასტუმროსთან შესაბამისობაშია. მასზე განთავსებულია კაბინები, რესტორანი, საცურაო აუზი, თეატრი. 


მანამდე, რუსეთის სოჭის პორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი საქართველოსთან და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, მათ პორტებში მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან სოჭის პორტის დირექტორმა, იური ვლადიმიროვმა ისაუბრა.

"ვიმედოვნებთ, რომ [სამგზავრო გადაყვანები] აფხაზეთსა და საქართველოში დაიწყება. ჯერჯერობით მიდის მოლაპარაკებები. [გადაყვანის] დაწყებას ამ ზაფხულისთვის ვაპირებთ". – თქვა ვლადიმიროვმა და აღნიშნა, რომ მიმოსვლა სოჭისა და ბათუმის პორტებს შორის იქნება შესაძლებელი.

"საზღვაო გზით სამგზავრო გადაყვანის ახალ მიმართულებებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ვეცდებით ჩვენი ტურისტების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით განვითარება". – დაამატა პორტის დირექტორმა.

კომენტარები