საქართველო-რუსეთი

უცნობია, რაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

სოჭის პორტი

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება სოჭის პორტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი საქართველოსთან და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომ პორტებში მიმოსვლა დაიწყონ. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, მათთვის რუსულ მხარეს არ მიუმართავს და გაურკვეველია, რაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია. 

"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს.

ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

საკითხზე რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან სოჭის პორტის დირექტორმა, იური ვლადიმიროვმა დღეს, 24 იანვარს ისაუბრა.

"ვიმედოვნებთ, რომ [სამგზავრო გადაყვანები] აფხაზეთსა და საქართველოში დაიწყება. ჯერჯერობით მიდის მოლაპარაკებები. [გადაყვანის] დაწყებას ამ ზაფხულისთვის ვაპირებთ". – თქვა ვლადიმიროვმა და აღნიშნა, რომ მიმოსვლა სოჭისა და ბათუმის პორტებს შორის იქნება შესაძლებელი.

"საზღვაო გზით სამგზავრო გადაყვანის ახალ მიმართულებებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ვეცდებით ჩვენი ტურისტების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით განვითარება". – დაამატა პორტის დირექტორმა.

კომენტარები