ჰოლოდომორი

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების რეზოლუციას მხარი დაუჭირა იტალიის სენატის 130-მა წევრმა, ოთხმა კი თავი შეიკავა.

ამასთან, იტალიელმა სენატორებმა რეზოლუციაში აღნიშნეს, რომ 1932-1933 წლებში სსრკ-მა სტალინის მეთაურობით "განზრახ მოახდინა შიმშილის პროვოცირება, რამაც მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ძირითადად, გლეხებისა და მცირე მიწის მესაკუთრეების".

"ჰოლოდომორისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საბჭოთა დანაშაულების გახსენებას დღეს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება რუსეთის შეჭრისა და უკრაინის ეროვნული იდენტობის წაშლის განახლებული მცდელობის ფონზე". - ნათქვამია დოკუმენტში.

იტალიელი სენატორების გადაწყვეტილების კომენტირებისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც "აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას, პატივს სცემს მილიონობით მსხვერპლს და აფრთხილებს მომავალ თაობებს გენოციდის დანაშაულის შესახებ".

შეგახსენებთ, რომ ჰოლოდომორი უკვე 30-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული უკრაინელი ხალხის გენოციდად.

რა იყო ჰოლოდომორი?

ჰოლოდომორი უხეშად ითარგმნება როგორც შიმშილით სიკვდილი, რომელმაც 1932-33 წლებში უკრაინაში დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

1932 წლის ნოემბერში საბჭოთა ლიდერმა სტალინმა გაგზავნა პოლიცია, რათა ამოეღო მარცვლეული და პირუტყვი ახლად კოლექტივირებული უკრაინული ფერმებიდან, მათ შორის თესლი, რომელიც საჭირო იყო შემდეგი მოსავლისთვის. შედეგად, მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს გენოციდს და ამბობს, რომ 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში დიდი შიმშილის მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, გერმანელები და სხვები.

კომენტარები