ჰოლოდომორი

სლოვაკეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა

Украинская правда 

სლოვაკეთის პარლამენტმა 1932-1933 წლებში უკრაინაში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

"უკრაინაში შიმშილობა, ჰოლოკოსტთან ერთად, ევროპის კონტინენტზე კაცობრიობის წინააღმდეგ ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა. ამას მოჰყვა მილიონობით უკრაინელი მოქალაქის, მათ შორის უკრაინელი ქალების სიკვდილი. ეს იყო ცინიკურად დაგეგმილი და სასტიკად განხორციელებული საბჭოთა რეჟიმის მიერ სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის პოლიტიკის გასატარებლად და უკრაინის მოსახლეობისა და მათი ეთნიკური იდენტობის ჩახშობის მიზნით". - ნათქვამია სლოვაკი დეპუტატების განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პარლამენტს მიღებული რეზოლუციისთვის მადლობა გადაუხადა.

"დროული გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი წვლილი ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის პატივისცემისთვის". - დაწერა მან Twitter-ზე.

დღემდე ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად მსოფლიოს 2 ათეულზე მეტი ქვეყნის პარლამენტისა და ასევე ევროპარლამენტის მიერაა აღიარებული. 

რა იყო ჰოლოდომორი?

ჰოლოდომორი უხეშად ითარგმნება როგორც შიმშილით სიკვდილი, რომელმაც 1932-33 წლებში უკრაინაში დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

1932 წლის ნოემბერში საბჭოთა ლიდერმა სტალინმა გაგზავნა პოლიცია, რათა ამოეღო მარცვლეული და პირუტყვი ახლად კოლექტივირებული უკრაინული ფერმებიდან, მათ შორის, თესლი, რომელიც საჭირო იყო შემდეგი მოსავლისთვის. ამის შედეგად, მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს გენოციდს და ამბობს, რომ 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში დიდი შიმშილის მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, გერმანელები და სხვები.

კომენტარები