ჰოლოდომორი

საფრანგეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის შემდეგ 1932-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად სენატმაც აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს. 

"საფრანგეთის სენატმა 1932-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მე ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც სამართლიანობას აღადგენს და მილიონობით მსხვერპლის ხსოვნისადმი პატივისცემას გამოხატავს,ფრანგი სენატორების მადლიერი ვარ". - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე. 

რეზოლუციის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჰოლოდომორის გენოციდად ცნობა მართებულია, ვინაიდან მის მიზანს უკრაინელი ერის განადგურება წარმოადგენდა. 

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ნაწილობრივ უკრაინელი ხალხის წარსული ტანჯვისა და სისასტიკის აღიარებას ისახავს მიზნად, ხოლო მეორე მხრივ, ნიშანია იმისა, რომ სამომავლოდ ამჟამინდელ უსამართლობასაც არავინ დაივიწყებს და პასუხისმგებელი პირები თავიანთი ქმედებებისთვის სამართლებრივად აგებენ პასუხს. 

ჰოლოდომორი უკვე 20-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული უკრაინელი ხალხის გენოციდად.

რა იყო ჰოლოდომორი?

ჰოლოდომორი უხეშად ითარგმნება როგორც შიმშილით სიკვდილი, რომელმაც 1932-33 წლებში უკრაინაში დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

1932 წლის ნოემბერში საბჭოთა ლიდერმა სტალინმა გაგზავნა პოლიცია, რათა ამოეღო მარცვლეული და პირუტყვი ახლად კოლექტივირებული უკრაინული ფერმებიდან, მათ შორის თესლი, რომელიც საჭირო იყო შემდეგი მოსავლისთვის. შედეგად, მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს გენოციდს და ამბობს, რომ 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში დიდი შიმშილის მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, გერმანელები და სხვები.

კომენტარები