ჰოლოდომორი

ხორვატიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

Украинская правда 

ხორვატიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს.

"დღეს ხორვატიამ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ხორვატიის პარლამენტის, რადგან ამ ისტორიული გადაწყვეტილებით მათ პატივი მიაგეს მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას. ჰოლოდომორის გენოციდის გლობალური აღიარება კვლავ აგრძელებს სწრაფ ზრდას". - წერს კულება Twitter-ზე.

კულება ასევე წერს რომ 2022 წლის ნოემბრისთვის 15-მა ქვეყანამ აღიარა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად. მისივე თქმით, შემდეგ მათ 12 ქვეყანა შეუერთდა.

"მადლობას ვუხდი მათ, რომ მოისმინეს ჩვენი თხოვნები და ვიწვევ სხვებს, შემოუერთდნენ. აღიარება პატივს სცემს მსხვერპლს და აფრთხილებს მომავალ თაობებს, თავიდან აიცილონ გენოციდი". - წერს კულება.

რა იყო ჰოლოდომორი?

ჰოლოდომორი უხეშად ითარგმნება როგორც შიმშილით სიკვდილი, რომელმაც 1932-33 წლებში უკრაინაში დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

1932 წლის ნოემბერში საბჭოთა ლიდერმა სტალინმა გაგზავნა პოლიცია, რათა ამოეღო მარცვლეული და პირუტყვი ახლად კოლექტივირებული უკრაინული ფერმებიდან, მათ შორის, თესლი, რომელიც საჭირო იყო შემდეგი მოსავლისთვის. ამის შედეგად, მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს გენოციდს და ამბობს, რომ 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში დიდი შიმშილის მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, გერმანელები და სხვები.

კომენტარები