საქართველო-რუსეთი

ოცნების დეპუტატი რუსეთთან ფრენებზე: ტურისტის შემოსვლის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს

გიორგი კახიანი

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) რუსეთსა და საქართველოს შორის კვირაში 284 ფრენის შესრულების ნებართვა გასცა. აღნიშნულ ფაქტს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი კახიანი გამოეხმაურა. კახიანის თქმით, რუსი ტურისტების საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს და პირიქით, მისი განცხადებით, მათი შემოსვლა ქვეყნისთვის დამატებით ფინანსურ სარგებელს ნიშნავს.

"შესაბამისი სამსახურები არსებობს, რომელიც ამას აკონტროლებს. რამდენი რეისი იქნება, ბუნებრივია, ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ჩემს კომპეტენციაში არ არის. ერთადერთი, შემიძლია, ვთქვა, რომ ის ავიაკომპანიები, რომლებიც სანქცირებულია, ვერ იფრენენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის პოზიცია [...] რუსეთის მოქალაქეები საქართველოში აქამდეც შემოდიოდნენ. შეიძლება, არაპირდაპირი რეისებით, მაგრამ მეზობელი ქვეყნებიდან [...] თუ ტურისტი შემოდის, ბუნებრივია, ამის საწინააღმდეგო არც არავის აქვს და პირიქით, ტურისტის შემოსვლა გარკვეულწილად იმას ნიშნავს, რომ დამატებითი ფინანსები შემოვა". - თქვა კახიანმა.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) რუსეთსა და საქართველოს შორის კვირაში 284 ფრენის შესრულების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული გამოცემა ავრცელებს. დოკუმენტი რუსეთის დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ახალი ფრენების ნებართვა ჯერ არ გაუცია. მედიის ცნობით, ნებართვების უმეტესობა დეპარტამენტმა ავიაკომპანია Red Wings-ისთვის გასცა.


2022 წელს, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს სანქციები დაუწესა რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში აგრესიის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებს არღვევდა. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება "რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს" არგებდა. რეისების განახლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

კომენტარები