საქართველო-აშშ

სახდეპი: შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ

Getty Images

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენით და შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიებიები სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ". – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ისაუბრა

მილერი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გაზარდოს ურთიერთობები რუსეთთან მაშინ, როდესაც მისგან მთელი დასავლური სამყარო დისტანცირდა.

"ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ აუკრძალა რუსულ თვითმფრინავებს საჰერო სივრცეში შესვლა.  ჩვენ, მთელი დასავლური საზოგადოება ვდისტანცირდით ამ რეჟიმისგან და ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო". – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია აზიმუტის გარდა, თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-მაც დაიწყო. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისს დაიწყო და კვირაში 7 სიხშირით შესრულდება. 20 მაისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Georgian Airways-მა პირველი რეისი შეასრულა. 

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც საქართველოს მიმართულებით ფრენებს 17 მაისიდან დაიწყებს, უკრაინის მიერაა სანქცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია სანქცირებული კომპანიებისთვის შექმნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.  

ასევე, საქართველოში ფრენის ლიცენზია მიიღო კომპანია Red Wings-მა, რომელიც, მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს. ავიაკომპანია იმავე დღეებში იფრენს მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე" - აცხადებს ავიაციის სააგენტო და აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიას აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭეს.

2022 წელს, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს სანქციები დაუწესა რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო, რაც არღვევს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში აგრესიის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებს. 

კომენტარები