მთავრობის პროპაგანდა და რეალობა

მითი რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველზე და რეალობა

მთავრობის პროპაგანდა და რეალობა

მითი რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველზე და რეალობა

არსებობს მითი, რომ რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს, რასაც ხშირად, მმართველი პარტია კრემლის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისგან თავის შეკავების არგუმენტად იყენებს.

მას შემდეგ, რაც 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა გაუქმდა, მთავრობამ, პროპაგანდისტული მიზნებით, კიდევ ერთხელ გაიხსენა მითი რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველზე. 

რუსეთის 2020 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, რუსეთის ტერიტორიაზე 113 687 ქართველი ცხოვრობს. ოფიციალურ სტატისტიკაში ცალკე გამოყოფილია ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა - 8 177 აფხაზი და 323 ოსი. 

ოფიციალური რიცხვები რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, რომელიც, ცხადია, ნებისმიერ მომენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის, ისევე, როგორც ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნებისთვის, ხელმისაწვდომია, თუმცა, ამის მიუხედავად, ჟურნალისტებთან საუბრისას, ღარიბაშვილმა მაინც არჩია, რომ ოფიციალურ სტატისტიკაზე 10-ჯერ დიდი რიცხვი დაესახელებინა და კიდევ ერთხელ შეეყვანა მოსახლეობა შეცდომაში. 

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყველამ ვიცით, რომ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში, მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, გაადვილდეს მოძრაობა. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება... ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი". - ამბობს პრემიერმინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილი, ისევე როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და მისი კოლეგა ირაკლი კობახიძე მხოლოდ მათთვის წვდომად საერთო ცოდნაზე საუბრობენ, როდესაც აღნიშნავენ, რომ “რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველზე ყველამ იცის”, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცოდნა რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკას ვერ ემთხვევა. 

ამას ადასტურებს ისიც, რომ 11 მაისის მთავრობის ბრიფინგზე კობახიძემ ჟურნალისტის მიერ მოყვანილი რუსეთის 2020 წლის ოფიციალური სტატისტიკა სარწმუნოდ არ მიიჩნია და დასძინა, რომ “ქართველობა სტატისტიკაში არ აისახება”.

ამის გარდა, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები რუსეთთან უვიზო მიმოსვლასა და ფრენების შეზღუდვის გაუქმებას “სასჯელის მოხსნად” განმარტავენ და ოპოზიციის მოთხოვნას, დააწესონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თვითდესტრუქციულს უწოდებენ.

“აქედან ვეკითხები, რას იზამდნენ ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ? ანუ, საკუთარ მოქალაქეებს თვითონ დაუწესებდნენ სანქციებს?! საქართველოს ომი ომი არ არის და მხოლოდ უკრაინის არის?!  საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ითხოვენ, წარმოუდგენელი ამბავია მაშინ, როცა რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი და მათი სასჯელის მოხსნაზეა საუბარი”. - თქვა მდინარაძემ.

სავიზო მიმოსვლისა და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმებას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც. დარჩიაშვილი ქართული ოცნების მაღალჩნოსნების მსგავსად, გადაწყვეტილებას რუსეთში მცხოვრებ “მილიონზე მეტი ქართველით” ამართლებს.

“ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი”. - აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამ გზავნილების მსგავსებას მათი საერთო მიზანი განაპირობებს - მაშინ, როდესაც დასავლეთი რუსეთის იზოლირებას განზრახ ცდილობს, კრემლის გადაწყვეტილებით საქართველოსთან სავიზო მიმოსვლა უქმდება - ცხადია, ეს მიანიშნებს საქართველოს პოლიტიკურ კურსზე, ომთან მიმართებით ოცნების პოზიციაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო შორდება ევროპულს. ამის გადასაფარად, მთავრობა იმ პოტენციურ სასარგებლო შედეგებზე საუბრობს, რომელსაც "რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველს" ეს გადაწყვეტილება მოუტანს. ამ მითის გამეორებით მთავრობა მისთვის კარგად ნაცნობ ხერხს - რეალობის დამახინჯებას - კიდევ ერთხელ მიმართავს.

კომენტარები