საქართველო-რუსეთი

საქართველოში ფრენის უფლების მქონე RED WINGS-ის 2 თვითმფრინავს აშშ-მ 2022 წელს სანქციები დაუწესა

rustourismnews

აზიმუტის და ჯორჯიან ეარვესის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველო-რუსეთის მიმართულებით ფრენის უფლება ავიაკომპანია Red Wings-საც მისცა. 2022 წელს, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს სანქციები დაუწესა რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო, რაც არღვევს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში აგრესიის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებს. 

სავაჭრო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა თვითმფრინავებს, რომლებმაც  2022 წლის 2 მარტის შემდეგ რუსეთში და 8 აპრილის შემდეგ ბელარუსში შეასრულეს ფრენა. შეზღუდვა ეხებოდა იმ თვითმფრინავებს, რომელთა ნაწილების მინიმუმ 25% მაინც არის ამერიკული წარმოშობის. 

"აშშ-მ და ჩვენმა პარტნიორებმა დავაწესეთ ფართომასშტაბიანი, მძლავრი ექსპორტის შეზღუდვები ისეთ ინდუსტრიის სექტორებებზე, როგორიცაა საჰაერო-კოსმოსური სფერო, რასაც რუსეთი იყენებს მისი სამხედრო აგრესიის შენარჩუნების ბერკეტად. დღეს დამატებით 25 უცხოური წარმოშობის თვითმფრინავის იდენტიფიცირება კიდევ უფრო ამცირებს რუსული ავიახაზების შესაძლებლობას, გამოიყენონ მათ მფლობელობაში მყოფი ევროპული და ამერიკული წარმოების თვითმფრინავები". – განაცხადა აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა. 

Red Wings-ი მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს. ავიაკომპანია იმავე დღეებში იფრენს მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე" - აცხადებს ავიაციის სააგენტო და აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიას აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭეს.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კვირაში შვიდჯერ ფრენის უფლება მისცა რუსულ ავიაკომპანია Азимут-ს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული რეისების შესრულებას 17 მაისიდან დაიწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

გარდა ამისა, თბილისი-მოსკოვი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში შვიდჯერ იფრენს ქართული ავიაკომპანია GEORGIAN AIRWAYS-იც.

კომენტარები