რუსეთ-საქართველო

20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით GEORGIAN AIRWAYS-იც იფრენს

flickr.com/photos/picturejohn64

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია აზიმუტის გარდა, თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აუცილებელი ნებართვა დღეს, 16 მაისს გასცა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კვირაში შვიდჯერ ფრენის უფლება მისცა რუსულ ავიაკომპანია Азимут-ს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული რეისების შესრულებას 17 მაისიდან დაიწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

გარდა ამისა, რუსული სამთავრობო მედიის, TACC-ის ინფორმაციით, რუსეთიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებით კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings-ია დაინტერესებული. 

კომენტარები