პირდაპირი ფრენები რუსეთიდან

რუსული ავიაკომპანია Азимут, რომელიც საქართველოში იფრენს, უკრაინის მიერაა სანქცირებული

rustourismnews

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც საქართველოს მიმართულებით ფრენებს 17 მაისიდან დაიწყებს, უკრაინის მიერაა სანქცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია სანქცირებული კომპანიებისთვის შექმნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ამავე ინფორმაციით, დასანქცირების მიზეზი ის გახდა, რომ კომპანია მუშაობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში.

ამასთან, უკრაინული მხარის განმარტებით, კომპანია უზრუნველყოფს მაღალ მატერიალურ (სატრანსპორტო, ლოგისტიკური და სხვა) მხარდაჭერას იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია Азимут-ი17 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულებას დაიწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კომპანია Азимут-ი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 რეისს შეასრულებს. სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-ისთვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა დღეს, 15 მაისს გასცა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

პუტინის განკარგულების შემდეგ, ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ავიანიუსთან კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა.

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს". – აღნიშნავს გაიაშვილი ავიანიუსთან.

კომენტარები