პირდაპირი ფრენები რუსეთთან

Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების გაყიდვა დაიწყო

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, Red Wings-ის მარშრუტი მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი და სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებით იქნება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით 10 ივლისს, ხოლო სოჭიდან თბილისის მიმართულებით - 11 ივლისს არის დაგეგმილი. მოსკოვი-ქუთაისის რეისზე ბილეთის მინიმალური ღირებულება $190-დან $210-მდე იქნება. 

მანამდე რუსული გამოცემა Известия იუწყებოდა, რომ რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართელოში ფრენებს ვერ იწყებდა, რადგან რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილება არ არსებობდა.

Red Wings-მა ფრენების უფლება საქართველოს მხრიდან მაისში მიიღო, რეისების: მოსკოვი-კუთაისისა და სოჭი-თბილისის მიმართულებით.


2022 წელს, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს სანქციები დაუწესა რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში აგრესიის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებს არღვევდა. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება "რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს" არგებდა. რეისების განახლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

კომენტარები