13 მაისს რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის მოსკოვი-ბათუმის რეისს ჟუკოვსკის აეროპორტში დაბრუნება მოუწია. მიზეზი რუსი მგზავრის მიერ თვითმფრინავის კუდის ნაწილში ტუალეტის დატბორვა გახდა. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხი BAZA ავრცელებს.
Red Wings-ის Sukhoi Superjet 100-ის ბორტზე 64 ადამიანი იმყოფებოდა. ტელეგრამ არხი BAZA-ს ცნობით, ჟუკოვსკის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მამაკაცი ტუალეტში შევიდა. ხელების დაბანის დროს მან ონკანის სახელური ზედმეტად ძლიერად მოქაჩა და დააზიანა. მაღალი წნევით წამოსულმა წყალმა სწრაფად დატბორა თვითმფრინავის კუდის ნაწილი, სადაც ბორტგამცილებლების სამუშაო ზონაა. BAZA წერს, რომ ბორტგამცილებლებმა წყლის გადაკეტვა დროულად შეძლეს, თუმცა დატბორვის გამო ეკიპაჟმა ფრენის გაგრძელებაზე უარი თქვა და მოსკოვში დაბრუნება გადაწყვიტა.
BAZA-ს ცნობით, ზარალი 1 მილიონ რუბლს გაუტოლდა.
აეროპორტში დაბრუნების შემდეგ მგზავრები ახალ თვითმფრინავში გადაიყვანეს და ბათუმისკენ მიმავალი რეისი შეასრულეს.




