პირდაპირი ფრენები რუსეთთან

Red WIngs-ი საქართველოში ფრენებს რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროს გამო ვერ იწყებს

როგორც რუსულ გამოცემა Известия-სთან წყარომ ისაუბრა, რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართელოში ფრენებს ვერ იწყებს, რადგან რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილება არ არსებობს. რუსულ მედიასთან ეს ფაქტი დაადასტურა კიდევ ერთმა წყარომ, რომელიც საქმის კურსში იყო.

Red Wings-მა ფრენების უფლება საქართველოს მხრიდან მაისში მიიღო, რეისების: მოსკოვი-კუთაისისა და სოჭი-თბილისის მიმართულებით. წყაროზე დაყრდნობით რუსული მედია წერს, რომ 16 ივნისს კომპანიამ ნებართვა მიიღო კიდევ ერთ, ჟუკოვსკიდან (მოსკოვის ოლქი) თბილისის მიმართულებით. ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

"ჩვენ რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო სამინისტროს გადაწყვეტილებას ველით. ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს, ჩვენ ვართ რეგულარული რეისების დანიშნული გადამზიდი რუსეთის მხრიდან და ქართულმა მხარემ ყველა ჩარტერი შეგვითანხმა. ჩვენთვის ეს რთული საკითხია, რომ ფრენები არ იწყება, სეზონი კი მიდის". – თქვა Известия-ს წყარომ.

რუსული მედიას Red Wings-ის პრესსამსახურმა დაუდასტურა, რომ რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროს მხრიდან შეთანხმებას ელიან და მზად არიან ფრენების დასაწყებად.


2022 წელს, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს სანქციები დაუწესა რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში აგრესიის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებს არღვევდა. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

​​​​​​​რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება "რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს" არგებდა. რეისების განახლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

კომენტარები